2024 წლის 20 მარტიდან, გერმანული ტექნოლოგიური კონგლომერატის, SAP-ის რუსი მომხმარებლები კომპანიის ქლაუდ-სერვისებზე წვდომას ვეღარ მიიღებენ - შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების გამო, კომპანიის რუსეთის ბაზრიდან გასვლას უკავშირდება, მომხმარებლებმა უკვე იციან.
რუსეთის ბაზრიდან SAP-ის გასვლა მნიშვნელოვანი დანაკლისი იქნება ადგილობრივი ტექნოლოგიური ინდუსტრიისთვის, რადგან გერმანული კომპანიის სერვისებს 1,500-მდე მსხვილი რუსული კორპორაცია იყენებდა, მათ შორის “რუსეთის რკინიგზა”, “აეროფლოტი”, “სბერბანკი” და VTB.
შეგახსენებთ, რომ გერმანული SAP-ი კორპორაციული პროგრამული უზრუნველყოფის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია. დღევანდელი მონაცემებით, SAP-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $212 მილიარდს აღემატება და ამ მაჩვენებლით ის რიგით 49-ე უდიდესი კომპანიაა მსოფლიოში.