მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"20 ტონა დაუკრეფავი დაგვრჩა" - რატომ გახდა ქინძის წარმოება წაგებიანი?

რანჩო გარდაბანი

გარდაბანში მდებარე შპს „რანჩო გარდაბანში“ წელს ქინძის მოსავლის რეალიზაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

როგორც კომპანიის დირექტორი, არმაზ ხარძიანი BM.GE-სთან ინტერვიუში ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ მეურნეობამ ქინძი 4 ჰექტარზე დათესა და ამ დროისთვის, დაახლოებით 20 ტონა მოსავალი აქვს, ბაზარზე ფასის მკვეთრმა ვარდნამ პროდუქტის დაკრეფაც კი არარენტაბელური გახადა.

ფერმერის თქმით, ქინძის ფასი შარშან მნიშვნელოვნად მაღალი იყო, რაც წელს ფართობების გაზრდის გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა.

"შარშან, 1 კილოგრამი ქინძი 17–20 ლარი ღირდა. ამიტომ, წელს გადავწყვიტეთ, 4 ჰექტარზე დაგვეთესა. ახლა, დაახლოებით 20 ტონა ქინძი გვაქვს, მაგრამ ფასი იმდენად დაეცა, რომ მის დაკრეფასაც არ აქვს აზრი", - ამბობს არმაზ ხარძიანი.

მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე, ქინძის შესყიდვის ფასი ბაზარზე დაახლოებით 3 ლარია კილოგრამზე, რაც წარმოებისა და ლოგისტიკის ხარჯებსაც კი ვერ ფარავს.

„ქინძს იბარებენ 3 ლარად კილოს. თუ ვიღაცას მოკრეფაში კილოზე 1 ლარს გადაუხდი, მერე ამას ტრანსპორტირება ემატება - რაც ასევე ხარჯია, ბოლოს მაქსიმუმ 1 ლარი დაგრჩება მოგება, რაც არ გვიღირს“, - განმარტავს ფერმერი.

BM.GE-ს კითხვაზე, რა ბედი ელის მიმდინარე მოსავალს, ხარძიანი განმარტავს, რომ შექმნილი ვითარების გამო კომპანია იძულებულია ქინძის მოსავალი დაუკრეფავად დატოვოს და უკვე მიღებული ზარალი ფაქტობრივად აღიაროს.

მისივე თქმით, პროდუქციის რეალიზებას წელს ეკონომიკური აზრი აღარ აქვს: „ქინძი გვაქვს, მაგრამ ასე გვრჩება. რეალურად, წელს მისი გაყიდვა არამიზანშეწონილია... მომავალ წელს ქინძს აღარ დავთესავთ“, - აცხადებს არმაზ ხარძიანი და დასძენს, რომ მსგავსი არასტაბილური ფასები ფერმერებისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები