მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

20 უწყება, რომლებიც გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტებს არ აქვეყნებენ - TI

6479a6df901b0
ვიქტორია მღებრიშვილი
02.06.23 14:40
588
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართვლომ იმ სახელმწიფო უწყებების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებიც გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტებს არ აქვეყნებენ. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ამ მხრივ მდგომარეობა 2017 წელთან შედარებით გამოსწორებულია.

„გასულ წლებში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ არაერთხელ აღნიშნავდა, რომ გარკვეული სახელმწიფო უწყებების მიერ გამარტივებული შესყიდვის გზით დადებული კონტრაქტები სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში არ ქვეყნდება, რასაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ტექნიკური ხარვეზით ხსნიდა.

20-მა სახელმწიფო უწყებამ (იხილეთ ცხრილი) სხვადასხვა დროს შეწყვიტა გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტების გამოქვეყნება ან არასდროს გამოუქვეყნებიათ. ამასთან, ზოგიერთ მათგანს მხოლოდ რამდენიმე კონტრაქტი აქვს გასაჯაროებული“, - ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ გამოუქვეყნებელი კონტრაქტები რომ არსებობს, მაგრამ არ ქვეყნდება, ამას ადასტურებს სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის SMP მოდული, სადაც სახელმწიფო უწყებების მიერ შესყიდვების სააგენტოსთან გამარტივებული შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობები ქვეყნდება.

მათივე ინფორმაციით, 2020-2023 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ 338 შესყიდვაზე გამარტივებული გზით განხორციელების უფლება მოითხოვა. მთავრობის ადმინისტრაციამ 26 შესყიდვაზე მოითხოვა გამარტივებული გზით განხორციელების უფლება, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 11-ზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 41-ზე და ა.შ.

შესყიდვების გამოქვეყნების ვალდებულება არ ვრცელდება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საიდუმლოებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებზე. შსს-ს და უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე სხვა უწყებების ყველა შესყიდვა არ არის დაკავშირებული საიდუმლოებასთან. არასაიდუმლო შესყიდვების ყველა კონტრაქტი უნდა ქვეყნდებოდეს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება N13-ის მე-9 მუხლით განსაზღვრულია, რომ გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება შემსყიდველმა ორგანიზაციამ სისტემის CMR მოდულში მისი დადებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში უნდა ატვირთოს.

„მიმდინარე წლის აპრილში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ წერილით მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და სთხოვა, ეცნობებინა, თუ რა არის კონკრეტული უწყებების მიერ გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტების არ გამოქვეყნების მიზეზი და რა ღონისძიებები გაატარა სააგენტომ აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად. შესყიდვების სააგენტომ გვაცნობა, რომ სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად ნაწილობრივ აღმოფხვრილ იქნა CMR მოდულში ხელშეკრულებების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით არსებული ტექნიკური ხარვეზები და სააგენტო ამჟამადაც ახორციელებს ქმედებებს ტექნიკური ხარვეზების სრულად აღმოფხვრის მიზნით. ამასთან ერთად, სააგენტო აღნიშნავს, რომ 2025 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის ახალი კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, რაც კანონში ასახული სიახლეების დანერგვისთვის შესყიდვების ელექტრონული სისტემის სრულ მოდიფიცირებას ისახავს მიზნად. ელექტრონული სისტემის განახლება კი არსებული ტექნიკური ხარვეზების სრულ აღმოფხვრას შეუწყობს ხელს“ - აცხადებენ TI-ში.

ორგანიზაციაში გამოუქვეყნებელი კონტრაქტების პრობლემის ნაწილობრივ აღმოფხვრაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ამას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევებიც ადასტურებს. „2017 წელს 50-მდე უწყების კონტრაქტები არ ქვეყნდებოდა, ახლა კი ასეთ უწყებების რიცხვი 20-ია. თუმცა, ეს არ ამართლებს იმას, რომ ჩვენს მიერ ამ პრობლემაზე პირველად დაწერიდან 6 წლის შემდეგაც 20 უწყების, მათ შორის მსხვილი უწყებების კონტრაქტები ისევ არ ქვეყნდება. 6 წელი საკმარისზე მეტი დროა ტექნიკური ხარვეზის სრულად აღმოსაფხვრელად. კონტრაქტების გაუმჭვირვალობა კორუფციული რისკების მონიტორინგს შეუძლებელს ხდის“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და შემსყიდველ ორგანიზაციებს მოუწოდებს, მეტი ყურადღება მიაქციონ გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტების გამოქვეყნების საკითხს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში უნდა შევიდეს ცვლილება, რის შედეგადაც სახელმწიფო შესყიდვების პროცესში შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი საჯაროობის სტანდარტების დარღვევა სამართალდარღვევად უნდა იქნეს მიჩნეული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები