საქართველოს მთავრობა საჯარო და კერძო უნივერსიტეტებს უცხოელი სტუდენტების ლიმიტს განუსაზღვრავს - ამის შესახებ განათლების შესახებ კანონის პროექტში არის აღნიშნული, რომელიც შსს-მა მოამზადა და პარლამენტს დღეს წარუდგინა. 5 ივნისს, BMG-იმ განათლების სამინისტროს მიმართა კითხვით შეეხებოდა თუ არა ეს ინიციატივა კერძო უნივერსიტეტებს, სადაც გვიპასუხეს, რომ ინიციატივა კერძო უნივერსიტეტებს არ შეეხებოდა, თუმცა კანონპროექტის ტექსტში ასევე განმარტებით ბარათში საუბარია, რომ ლიმიტები კერძო სასწავლებლებზეც გავრცელდება.
აღნიშნული კვოტები მთავრობის მიერ უნდა განისაზღვროს, შესაბამისად ჯერჯერობით უცნობია მთავრობა რა მოცულობის ლიმიტს დაუწესებს თითოეულ კერძო უმაღლეს საგნამანთლებლო დაწესებულებას.
კანონპროექტის 6 პრიმა მუხლი ასე ჩამოყალიბდება:
"უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირთა ჩარიცხვის ზღვრული რაოდენობა, ჩარიცხვის პერიოდულობა, აგრეთვე სწავლის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით,"- ნათქვამია კანონპროექტში.
განმარტებით ბარათში კი აღნიშნულია, რომ ეს ცვლილება გავლენას მოახდენს, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიღებაზე:
"წარმოდგენილ კანონის პროექტს გავლენა ექნება როგორც საჯარო, ისე კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის. ერთი მხრივ, საქართველოს მთავრობის მიერ ჩარიცხვის ზღვრული რაოდენობისა და პერიოდულობის განსაზღვრამ შესაძლოა გამოიწვიოს უცხოელი სტუდენტების მიღების რაოდენობის რეგულირება, რაც პირდაპირ აისახება უნივერსიტეტების შემოსავლებზე, განსაკუთრებით იმ დაწესებულებებში, სადაც უცხოელი სტუდენტები მნიშვნელოვან წილს წარმოადგენენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სტატისტიკური ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით 2024/2025 წლებში უცხოელ სტუდენტთა რაოდენობა როგორც საჯარო, ისე კერძო უნივერსიტეტებში (საბაკალავრო, სამაგისტრო საფეხურზე და პროფესიულ კოლეჯებში) ჯამში შეადგენს 37 125 უცხოელ სტუდენტს. დასახელებული საერთო რაოდენობიდან 5 621 უცხოელი სტუდენტი ჩარიცხულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე. ამავე წლებში, 31 486 უცხოელი სტუდენტი ჩაირიცხა მაგისტრატურის პროგრამებზე, ხოლო პროფესიულ პროგრამებზე მიღებულია 18 უცხოელი სტუდენტი. იმის გათვალისწინებით, რომ უცხოელი სტუდენტების სწავლის საფასური ხშირ შემთხვევაში წარმოადგენს უნივერსიტეტების შემოსავლების მნიშვნელოვან წყაროს, შესაბამისად, ზღვრული რაოდენობის შემცირება ან მიღების პერიოდულობის შეზღუდვა შეიძლება აისახოს ფინანსურ მდგრადობაზე,"- ნათქვამია განმარტებით ბარათში.
მთავრობა შესაბამის კვოტებს დაადგენს პარლამენტის მიერ კანონპროექტის მიღების შემდეგ. შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია შენარჩუნდება თუ არა უცხოელი სტუდენტების მიღების ოდენობა არსებულ ნიშნულზე თუ მთავრობა მას კერძო უმაღლესი სასწავლებლებისთვის შეამცირებს.




























