მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"2006 წლიდან ორი აეროპორტის განვითარებაში €230 მლნ-ის ინვესტიცია ჩავდეთ" - ADP-ის თავმჯდომარე

ფილიპე პასკალი adp

"საქართველოში შემოსვლის დღიდან, 2006 წლიდან ორი აეროპორტის განვითარებაში €230 მლნ-ის ინვესტიცია ჩავდეთ" - ამის შესახებ ფრანგული საავიაციო Groupe ADP-ის, TAV Georgia-ს მფლობელი კომპანიის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა, ფილიპე პასკალმა TAV Georgia-სთან ხელშეკრულების გახანგრძლივებისა და თბილისის აეროპორტის გაფართოების პროექტის წარდგენის ღონისძიებაზე ისაუბრა.

ფილიპე პასკალმა ღონისძიებაზე იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც მმართველმა კომპანიამ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში 2006 წლიდან განახორციელა.

"ჩვენი წარსული წარმატების საფუძველზე, ჩვენ გავხდით თბილისის აეროპორტს უფრო დიდს იმისათვის, რომ უფრო მეტი მგზავრის მომსახურება მოახერხოს და ბრწყინვალე იყოს მომსახურების ხარისხი. ჩვენი საქართველოში შემოსვლის შემდეგ, 2006 წლიდან, ჩვენს მართვაში ორი აეროპორტი უკვე გადმოვიდა, რომელთა განვითარებაშიც 230 მილიონი ევროს ინვესტიცია უკვე განვახორციელეთ. ჩვენი ერთგულება და თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლებასთან, სამოქალაქო ავიაციის უწყებებსა და ბიზნესპარტნიორებთან ერთად, უკვე ხელშესახები შედეგებით აღინიშნება, როგორც თბილისში, ისე ბათუმში.

მგზავრთნაკადი 600 ათასიდან, გასულ წელს, 5.4 მილიონამდე გაიზარდა. დღეს ამ აეროპორტებიდან 63 ავიაკომპანია დაფრინავს 71 მიმართულებით და საქართველოს მთელს მსოფლიოს აკავშირებს. ინფრასტრუქტურის გარდა, წარმატებით ვახერხებთ საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას ქვეყნის ავიაციის სექტორში. სხვადასხვა საერთაშორისო გამოცემების და ინდექსების მიხედვით, საუკეთესო აეროპორტებად მოვიხსენიებით, როგორც თბილისში, ასევე ბათუმში და ეს ძალიან წარმატებული მაგალითია ჩვენი ძალისხმევისა", - განაცხადა ფილიპე პასკალმა.

Groupe ADP-ის თავმჯდომარემ იმ ოთხ საყრდენზე ისაუბრა, რასაც TAV Georgia აეროპორტების მართვას აფუძნებს.

"ჩვენი მიზანია, მოვემსახუროთ მგზავრებს, ვამუშაოთ აეროპორტები პასუხისმგებლობიანი გზით მთელს მსოფლიოში. ჩვენი საქმიანობის ცენტრშია ჩვენი მგზავრებისა და აქციონერების კმაყოფილება ოთხი ძირითადი საყრდენის საფუძველზე: პირველი, ეს არის მასპინძლობა - ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საუკეთესო გამოცდილება შევქმნათ ნებისმიერი მგზავრისთვის. მეორე არის ჩვენი ხედვა მომავლისთვის. გვინდა, შევქმნათ ძალიან მნიშვნელოვანი ინოვაცია, რომელიც ჩვენი აქციონერების მოლოდინს გაამართლებს. მესამე ნიშანსვეტი საოპერაციო ბრწყინვალებაა. ჩვენი გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დააკმაყოფილოს უმაღლესი სტანდარტები უსაფრთხოების, კომფორტის და მდგრადობის მიმართულებით. და ბოლო საყრდენია მიზანი, უმაღლესი ფასეული შევუქმნათ ჩვენს მგზავრებს და აქციონერებს.

ჩვენ მთელს მსოფლიოში ვმართავთ აეროპორტებს და ეს მიდგომა გვაძლევს საშუალებას ვიამაყოთ იმით, რაც საქართველოში სამოქალაქო ავიაციის სფეროში კეთდება. ჩვენ საკუთარი წვლილი შეგვაქვს ადგილობრივი თემის განვითარებაში. საქართველოა ქვეყანა, რომელიც გამოირჩევა უნიკალური კულტურით და ძლიერი პოტენციალით. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ავიაციის სფეროში დაკავშირებადობა იყოს მნიშვნელოვნად აღიარებული. დარწმუნებული ვარ, კიდევ მეტი წარმატება გვექნება სამომავლოდ", - განაცხადა ფილიპე პასკალმა.

ცნობისთვის, მთავრობამ ADP-ის წევრ TAV Airports თბილისის აეროპორტის მართვის ხელშეკრულება 5 წლით, 2031 წლამდე გაუხანგრძლივა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელშეკრულების ფარგლებში აეროპორტის გაფართოებისთვის ინვესტიცია 150 მლნ აშშ დოლარი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები