პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2008 წელს ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ რომ ხელისუფლებაში ყოფილიყო, აგვისტოს ომი არ მოხდებოდა.
პრემიერმა მთავრობის წლიური ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, რომ ომის პირობებში უკრაინას საქართველო მაქსიმალურად დაეხმარა.
„არ დაგვავიწყდეს თუ რა რეალობაში მივაღწიეთ აი ამ შედეგს. დღემდე გრძელდება დამანგრეველი ომი უკრაინაში. მას შემდეგ, რაც ეს ომი დაიწყო უკრაინაში რუსეთის ფედერაციამ, უკრაინის ტერიტორიის 20% უკვე არის ოკუპირებული და ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს ომი არ წყდება. ასი ათასობით ადამიანი უკვე დაიღუპა ამ ომის შედეგად, მილიონობით ადამიანმა დატოვა უკრაინის ტერიტორია, 10 მილიონზე არის საუბარი, 10 მილიონმა უკრაინელმა დატოვა უკრაინა და ერთი ამდენივე, 10 მილიონზე არის საუბარი, რომ შიდა მიგრაცია, გადაადგილება მოხდა. ეს არის ტრაგედია, რომელიც თავს დაატყდა ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს. ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარეთ და ვეხმარებით ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, ჩვენს უკრაინელ მოძმე ერს გავუწოდეთ დახმარების ხელი, ძალიან ბევრ ლტოლვილს უკრაინიდან ჩვენ დავეხმარეთ მაქსიმალურად, რაც შეგვეძლო, მაგრამ, ასევე მინდა აღვნიშნო , რომ ამ ომის შედეგად, იცვლება ის მთავარი, ასე ვთქვათ წესები, რომელზეც არის დაფუძნებული ზოგადად მთელი მსოფლიო და ზოგადად, ის წესრიგი, რომელიც შექმნილი იყო მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ და შემდეგ უკვე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ჩვენ ამის მცდელობას ვხედავთ. მცდელობას იმისა, რომ შეიცვალოს მსოფლიო წესრიგი. არავინ არ იცის, ზუსტად როგორ დასრულდება ეს ომი და რა შედეგები ექნება ამ ომის დასრულებას მთლიანად ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე, ჩვენს რეგიონზე. როგორ ჩამოყალიბდება ახალი მსოფლიო წესრიგი.
აგვისტოს ომი, რა თქმა უნდა უდიდესი ტრაგედია იყო ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ, მაშინდელმა უპასუხისმგებლო მთავრობამ ვერ მოახერხა ამ ომის თავიდან არიდება. არაერთხელ მითქვამს, 2008 წელს რომ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში, ეს ომი არ მოხდებოდა. ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენს საზოგადოებას ღიად ვესაუბრებოდით იმ რისკების შესახებ, რომელთანაც გამკლავებაც გვიწევდა. საფრთხე საკმაოდ რეალური იყო. ეს არ იყო მოგონილი. ქვეყნის დესტაბილიზაციის საფრთხე იყო, ქვეყნის შიგნით მოქმედი რადიკალური ჯგუფები და მტრული ძალები პირდაპირ იყვნენ დაინტერესებული იმით, რომ ქვეყანა ჩაბმულიყო ამ საომარ ვითარებაში. მე ფაქტებს აღარ გაგახსენებთ, ყველამ კარგად ვიცით ყველაფერი. სიამაყით უნდა ითქვას, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილებები. ყველაზე დიდი განსაცდელი, რაც შეიძლება ჩვენს ქვეყანას და ხალხს დაატყდეს თავს, ეს არის ომი და ჩვენ ეს ყველაზე დიდი განსაცდელი თავიდან ავირიდეთ. ავიცილეთ ომი და მშვიდობიანად, გონივრულად გავიყვანეთ ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოს. ჩვენ ეს გამარჯვება ერთად მოვიპოვეთ. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს რისკები მთლიანად არის განეიტრალებული. ბუნებრივია, ეს რისკები არსად წასულა, მაგრამ ჩვენ მაქსიმალური სიფრთხილით და გონიერებით ვაფასებთ რისკებს, ვახდენთ საფრთხეების იდენტიფიცირებას, შესაბამის პრევენციას ვახორციელებთ და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და ჩვენს ქვეყანას ვიცავთ“,-განაცხადა პრემიერმა.