"2008 წლის შეთანხმება გადახედვას არ ექვემდებარება", - ამის შესახებ სერგეი ლავროვმა სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ერთობლივ ბრიფინგზე ლავროვმა სამხრეთ ოსეთსა და მის ე.წ. პრეზიდენტს უკრაინასთან ომში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
"ვიცი, რომ სამხრეთ ოსეთი, პრეზიდენტი გაგლოევი, დიდ ყურადღებას უთმობენ რუსეთის მხარდაჭერას სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს. მადლობელი ვართ კურსკის ოლქში რესპუბლიკის დახმარებისთვის. მოსკოვი აგრძელებს სამხრეთ ოსეთის დახმარებას უსაფრთხოების, ეკონომიკისა და სხვა მიმართულებებით.
2008 წლის შეთანხმება [დამოუკიდებლობის აღიარება და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობა] გადახედვას არ ექვემდებარება. აქ გზა მხოლოდ წინ არის", - განაცხადა ლავროვმა.
შეხვედრაზე ლავროვმა ჟენევის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ დისკუსიების სხვა ადგილას გადატანაზეც ისაუბრა, რომელსაც მოსკოვი და მის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი რამდენიმე თვეა აჟღერებენ. ვარიანტებად მინსკი და ბაქო განიხილებოდა.