საქართველოს მთავრობა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს გეგმავს, რომელმაც ათასობით მოქალაქეს წლების განმავლობაში არსებული ბიუროკრატიული და სამართლებრივი ბარიერები უნდა მოუხსნას.
ცვლილებების პაკეტი, რომელიც განათლების სამინისტრომ მოამზადა, მიზნად ისახავს ძველი - 2010 წლის 1 სექტემბრამდე - ერთსაფეხურიანი პროგრამების კურსდამთავრებულთა დიპლომების აღიარების პროცესის გამარტივებას. კერძოდ, იგეგმება 4-წლიანი განათლების მაგისტრთან გათანაბრება, მაშინ როცა ამ დრომდე მოქმედი კანონით, მიღებული განათლება სწავლის ხანგრძლივობის მიხედვით იყოფოდა შემდეგნაირად:
- 5-წლიანი პროგრამის დიპლომი უთანაბრდებოდა მაგისტრს;
- 4-წლიანი პროგრამის დიპლომი კი ბაკალავრს.
განმარტებით ბარათში წერია, რომ ამან შექმნა უსამართლო ვითარება, როდესაც ერთი და იმავე სპეციალობისა და კვალიფიკაციის მქონე პირები სხვადასხვა სტატუსში აღმოჩნდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ ერთმა „დასწრებულზე“ (4 წელი) ისწავლა, მეორემ კი „დაუსწრებელზე“ (5 წელი). გარდა ამისა, 4-წლიანი პროგრამის კურსდამთავრებულებს შეეზღუდათ დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების უფლებაც.
კანონპროექტის მიხედვით, მთავარი სიახლეები ასე გამოიყურება:
- მაგისტრთან გათანაბრება: 2010 წლის 1 სექტემბრამდე ერთსაფეხურიანი პროგრამის დასრულების შედეგად გაცემული ყველა დიპლომი, მიუხედავად სწავლის ხანგრძლივობისა, მაგისტრის ხარისხთან გათანაბრდება.
- აღიარება აკრედიტაციის გარეშე: სახელმწიფო აღიარებს იმ სტუდენტების დიპლომებს, რომლებიც 2010 წლამდე ჩაირიცხნენ ლიცენზირებულ სასწავლებლებში, მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა დაწესებულებას იმ დროს ინსტიტუციური აკრედიტაცია.
- თუ სტუდენტი ჩაირიცხა სასწავლებელში, რომელსაც ლიცენზია ჯერ არ ჰქონდა, მაგრამ დიპლომის გაცემის მომენტისთვის უკვე მოპოვებული ჰქონდა, სახელმწიფო ამ განათლებას აღიარებს.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, ამ საკითხზე სასამართლოებში უამრავი დავა მიმდინარეობდა. უზენაესი სასამართლო თითქმის ყველა შემთხვევაში მოქალაქეების მხარეს იჭერდა და განათლების ხარისხის განვითარების ცენტრს დიპლომების აღიარებას ავალდებულებდა.
სახელმწიფოსთვის ეს პროცესი ფინანსურ ზარალთანაც იყო დაკავშირებული. მხოლოდ 2025 წელს განათლების ხარისხის ცენტრმა სასამართლო დავებზე 135,395 ლარი დახარჯა.
სამინისტრო წერს, რომ კანონის მიღების შემდეგ, ათასობით ადამიანს აღარ მოუწევს სასამართლოში წლობით დავა საკუთარი დიპლომის ნამდვილობის დასამტკიცებლად. ეს დაზოგავს მათ დროს, ფინანსებს (ბაჟი, ადვოკატის ხარჯები) და ადამიანურ რესურსს.




























