მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2012-2026 წლებში "შეღავათიანი აგროკრედიტით" მესაქონლეობის ბიზნესის სახელმწიფო თანადაფინანსება ₾156.3 მლნ იყო

მესაქონლეობა

პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფარგლებში, 2012-2026 წლებში, საქართველოს მასშტაბით, მესაქონლეობის განვითარების მიზნობრიობით, კომერციული ბანკების მიერ 709.5 მლნ ლარის ღირებულების სესხებია გაცემული, ხოლო სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებამ 156.3 მლნ ლარი შეადგინა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ქვემო ქართლის რეგიონში გაცემულია 138.3 მლნ ლარის ღირებულების სესხები, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებამ კი 31.8 მლნ ლარი შეადგინა.

უწყებაში განმარტავენ, რომ სოფლის განვითარების სააგენტო მესაქონლეობის დარგის მხარდაჭერას მიმდინარე წლის 1 ივლისიდან „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში აგრძელებს. პროგრამა მიზნად ისახავს აგროსექტორში წარმოების განვითარებასა და კონკურენტუნარიანი პროდუქციის შექმნის ხელშეწყობას.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან ერთად გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში, სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარ კომპანის „გარდაბნის მეცხოველეობა” ფერმა დაათვალიერა.

„მნიშვნელოვანია, ქვეყანაში გაიზარდოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფერმების რაოდენობა და გაძლიერდეს როგორც სანაშენე, ისე მეხორცული და მერძეული მიმართულებები. სწორედ ამიტომ, ახალ აგროთანადაფინანსების პროგრამაში მეცხოველეობის მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა და გათვალისწინებულია კონკრეტული მექანიზმები ფერმების განვითარებისა და წარმოების გაფართოებისთვის. ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ ადგილობრივი წარმოების ზრდას, პროდუქტიულობის გაუმჯობესებას და კონკურენტუნარიანი მეცხოველეობის სექტორის ჩამოყალიბებას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

შპს „გარდაბნის მეცხოველეობა“ ორ ფერმას ფლობს. სოფელ სართიჭალაში მდებარე ფერმა მეხორცული მიმართულებისაა, ხოლო სოფელ ლემშვენიერაში არსებული მეურნეობა სანაშენე მიმართულებით საქმიანობს.

ფერმების მოწყობისა და საქმიანობის განვითარების მიზნით, კომპანიამ 2024-2026 წლებში რამდენჯერმე ისარგებლა პროექტით „შეღავათიანი აგროკრედიტი“. პროგრამის ფარგლებში მიღებულმა ფინანსურმა მხარდაჭერამ კომპანიის საწარმოო შესაძლებლობების გაფართოებას შეუწყო ხელი.

მეცხოველეობის ფერმაში მინისტრთან ერთად სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორ ზურაბ გოზალიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები