მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"[სუბსიდირების] პროგრამებმა დაგვანახვეს, რომ შესაძლებელია, აგრობიზნესი იყოს მოგებიანი" - ალეკო ცერცვაძე

მკისა

ქართული აგროსექტორის ბოლო წლების განვითარებასა და მიღწეულ შედეგებში სახელმწიფო თანადაფინანსების პროგრამებს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის - ამის შესახებ კომპანია "მკისას" ფინანსურმა დირექტორმა, ალეკო ცერცვაძემ გადაცემა "საქმიან დილაში" ისაუბრა.

მისი შეფასებით, სახელმწიფოს მხარდაჭერამ სექტორის ზრდასა და მის გააქტიურებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

"ამ პროგრამების დამსახურებაა, რომ ქართული აგროსექტორი იმ შედეგებზეა, რა შედეგებსაც ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია. ძალიან გაიზარდა და, რა თქმა უნდა, ამ პროგრამის დამსახურება ძალიან დიდია ამ საქმეში", - აღნიშნა ალეკო ცერცვაძემ.

"მკისას" ფინანსურმა დირექტორმა საკუთარი კომპანიის პრაქტიკაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მათ სესხის თანადაფინანსების პროგრამით როგორც გაშენების, ისე შემდგომში ბაღის მოვლის კომპონენტში ისარგებლეს.

ცერცვაძის განმარტებით, ამ მიდგომამ ბიზნესს თავიდანვე ახლებური ხედვა ჩამოუყალიბა, რაც ზოგადად აგროსექტორში ჩართული სხვა სუბიექტებისთვისაც ხელშესახები სტიმული აღმოჩნდა.

"კონკრეტულად ჩვენს შემთხვევაში, სესხის თანადაფინანსების პროგრამით ვისარგებლეთ როგორც გაშენების, ისე ბაღის მოვლის კომპონენტში. ამან ჩვენზე ძალიან დადებითად იმოქმედა - საწყის ეტაპზევე სულ სხვანაირად დაგვანახვა ბიზნესმოდელი. ამას განვაზოგადებდი და ვიტყოდი, რომ პროგრამამ ზოგადად ამ სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებსა და კომპანიებს საკუთარ მოდელებზე შეხედულება შეუცვალა. დავინახეთ, რომ შესაძლებელია, აგრობიზნესი იყოს მოგებიანი და შედარებით მსუბუქი - როგორც გრძელვადიან პერსპექტივაში, ისე საწყის ეტაპზე, როდესაც საქმის წამოწყება განსაკუთრებით რთულია. ეს პროგრამები ამ პროცესს საგრძნობლად ამსუბუქებს", - ამბობს ცერცვაძე.

ალეკო ცერცვაძემ განსაკუთრებით კომერციული ბანკების მნიშვნელობა გამოყო, სახელმწიფო პროგრამების პოპულარიზაციასა და მათ პრაქტიკულ რეალიზებაში. მისი თქმით, ფინანსურმა ინსტიტუტებმა აღნიშნული პროგრამები მომხმარებლისთვის მოსახერხებელ პროდუქტებად გარდაქმნეს. მისივე თქმით, ბანკების როლი მხოლოდ ფინანსური შუამავლობით არ ამოიწურებოდა და ხშირ შემთხვევაში ისინი აგრომეწარმეებისთვის მთავარი საკონსულტაციო რგოლი გახდნენ.

"ასევე გამოვყოფდი ბანკების როლს ამ პროგრამების პოპულარიზაციაში. მართალია, ეს პროგრამები დიდი ხნის დანერგილია, თუმცა დაახლოებით 10 წლის წინ ბანკებმა ისინი პროექტებად შეკრეს და გამართულ საბანკო პროდუქტებად აქციეს. როგორც სხვა საბანკო პროდუქტებია დღეს განვითარებული ქვეყანაში, ისევე სწრაფად და წარმატებით განვითარდა ეს აგრომიმართულებაც.

ბევრმა ადამიანმა სახელმწიფო თანადაფინანსების შესახებ სწორედ ბანკებისგან შეიტყო - ისინი ბიზნესს არა მხოლოდ ფინანსურ მომსახურებას უწევდნენ, არამედ აგრომიმართულებით კონსულტაციებსა და ედვაიზინგსაც სთავაზობდნენ", - დასძინა "მკისას" ფინანსურმა დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები