ჭარბვალიანობის პრობლემა 2015-2024 წლებში საქართველოში მკვეთრად გამწვავდა, რადგან ამ პერიოდში სესხების საერთო მოცულობა 299%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ნათქვამია სოციალური სამართლიანობის (SJC) ცენტრის მიერ მომზადებულ კვლევაში "შინამეურნეობათა ჭარბვალიანობა საქართველოში".
ჭარბვალიანობა ერთ-ერთ მწვავე პრობლემას წარმოადგენს საქართველოს რეალობაში. სხვადასხვა მიზეზის გამო ფიზიკური პირების მიერ აღებული სესხების მოცულობა წლიდან წლამდე იზრდება, რამაც არაერთი პრობლემა, მათ შორის, შინამეურნეობების გაღარიბება და საცხოვრისის დაკარგვაც კი შეიძლება გამოიწვიოს.
კვლევაში წერია, რომ 2024 წლისთვის, ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებული სესხის საშუალო მოცულობამ 95 643 ლარს მიაღწია, რაც მოწმობს, რომ სესხების ტვირთი მოსახლეობის შემოსავლების ზრდის ტემპს საგრძნობლად აღემატება.
ორგანიზაციის მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, სავალუტო რისკი კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მაღალი წილი მოსახლეობას სავალუტო კურსის მერყეობის მიმართ მეტად დაუცველს ხდის. ეროვნული ბანკის მიერ გატარებულმა ლარიზაციის პოლიტიკამ, რომლის მიზანი იყო ლარში გაცემული სესხების წილის გაზრდა, მეტწილად მიაღწია გაცხადებულ მიზანს. შედეგად, 2024 წლისთვის ლარში გაცემული სესხების წილი 76%-მდე გაიზარდა (შედარებისთვის იგივე მაჩვენებელი 2015 წლისთვის 50%-ს უდრიდა), თუმცა ლარში გაცემული სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთი უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე მაღალი რჩება (უცხოურ ვალუტაში არსებული საპროცენტო განაკვეთი ლარის საპროცენტო განაკვეთს საშუალოდ 5.8%-ით ჩამორჩება). მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პოლიტიკა სავალუტო რისკების შემცირებას უწყობს ხელს, მაღალი საპროცენტო განაკვეთი მოსახლეობისთვის დამატებით ფინანსურ ტვირთს წარმოადგენს.
სესხების ვადიანობის ანალიზმა აჩვენა, რომ გრძელვადიანი სესხების წილი (10 წელზე მეტი) 35.4%-მდე გაიზარდა, რაც, თავის მხრივ, საცხოვრებელი უძრავი ქონებით უზრუნველყოფას მოითხოვს. მიღებული შედეგების მიხედვით, გრძელვადიანი სესხების (5 და მეტი წლის ვადიანობის სესხების) თითქმის ¾ უძრავი ქონებითაა უზრუნველყოფილი (იპოთეკური სესხები). სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, მსგავსი ტენდენცია განსაკუთრებულ რისკებს შეიცავს, რადგან კრიზისების შემთხვევაში, შესაძლოა, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი საცხოვრისის დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს.
არასაბანკო ფინანსური შუამავლების, განსაკუთრებით მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და სესხის გამცემი სუბიექტების, გავლენა მოსახლეობის ფინანსურ სტაბილურობაზე საგრძნობია. 2024 წლის მონაცემებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და სესხის გამცემი სუბიექტების მიერ გაცემული სესხების საშუალო წლიური ნომინალური საპროცენტო განაკვეთი 24%-ს აღწევდა, რაც კომერციული ბანკების 14.6%-იან მაჩვენებელს საგრძნობლად აღემატება. კვლევაში წერია, რომ მათი მომხმარებლები ხშირად ყველაზე მოწყვლადი სოციალური ფენის წარმომადგენლები არიან, რაც მათზე ფინანსურ ზეწოლას კიდევ უფრო ზრდის.
რაც შეეხება პრობლემურ ანუ უმოქმედო სესხებს, პანდემიის პერიოდში მათმა წილმა 9%-ს მიაღწია, რაც ეკონომიკურ შეზღუდვებსა და მოსახლეობის შემცირებულ შემოსავლებთან იყო დაკავშირებული. თუმცა, 2022 წლისთვის აღნიშნული მაჩვენებელი 4%-მდე შემცირდა, რაც მიგრაციისა და რეალური მშპ-ის მაღალი ტემპით ზრდამ განაპირობა. აღნიშნული ტენდენცია, მიუხედავად მისი დროებითობისა, ადასტურებს, რომ ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესება ფინანსური სტაბილურობის აღდგენას უწყობს ხელს. თუმცა, სავალუტო კურსის ცვლილებების მიმართ მაღალი მგრძნობელობა კვლავ პრობლემად რჩება, განსაკუთრებით უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხებისთვის.
"მოსახლეობის შემოსავლებისა და ვალის ტვირთის შეფარდების ანალიზმა აჩვენა, რომ 2023 წელს სესხების მოცულობის წილი მოსახლეობის მთლიანი შემოსავლების 216%-ს შეადგენდა. ეს მაჩვენებელი ადასტურებს, რომ 2015 წლიდან ვალის ტვირთი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვნად გაიზარდა - 2015 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 153%-ს უდრიდა. სესხების მოცულობის ზრდის ასეთი ტენდენცია ფინანსური ვალდებულებების შესრულების გაძნელებას იწვევს და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას საგრძნობლად ამძიმებს", - წერია კვლევაში.























