2015-2025 წლებში, საქართველოს მოსახლეობა 208 500 ადამიანით, 5.6%-ით გაიზარდა და 2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით 3 მილიონ 930 400 შეადგინა.
ამის შესახებ საქსტატის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც 2015-2025 წლების ძირითადი დემოგრაფიული მონაცემების გადაანგარიშების შედეგებს ასახავს.
გადაანგარიშების მიხედვით, 2015 წელს საქართველოს მოსახლეობა 3 721 900 იყო. 2021 წლის ჩათვლით მოსახლეობა შედარებით ზომიერი ტემპით იზრდებოდა და ამ პერიოდში მატებამ 63.5 ათასი ადამიანი შეადგინა. 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, წინა წელთან შედარებით, მოსახლეობა 25 000-ით შემცირდა. შემდგომ წლებში ტენდენცია შეიცვალა. 2022-2025 წლებში საქართველოს მოსახლეობა 169 900 ადამიანით ანუ 4.5%-ით გაიზარდა.
საქსტატის განმარტებით, მონაცემების გადაანგარიშების საჭიროება 2024 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგებმა განაპირობა. მიზანი მოსახლეობის აღწერებს შორის პერიოდის დემოგრაფიული მონაცემების ახალ შედეგებთან შესაბამისობაში მოყვანა და ისტორიული მონაცემების შესადარისობის უზრუნველყოფაა.
დემოგრაფიული მონაცემების გადაანგარიშებისას დაბადებისა და გარდაცვალების მაჩვენებლები უცვლელი დარჩა, ხოლო მოსახლეობის აღწერებს შორის პერიოდში მოსახლეობის რაოდენობაში გამოვლენილი სხვაობა მიგრაციული კომპონენტის გადასინჯვით დაკორექტირდა.
























