მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"2015 წელს, FIFA-ს რეიტინგში 174-ე ადგილზე ვიყავით. მაშინ თითქოს წარმოუდგენელი იყო, რომ ევროპის საუკეთესო 16 ჯგუფში მოვხვდებოდით" - GFF

ნიკოლოზ ჯღარკავა

„2015 წელს, FIFA-ს რეიტინგში 174-ე ადგილზე ვიყავით. მაშინ თითქოს წარმოუდგენელი იყო, რომ ევროპის საუკეთესო 16 ჯგუფში მოვხვდებოდით. ზუსტად იმ რაოდენობაში, რომელიც შემდეგ უკვე ჩემპიონატზე უნდა გავიდეს “,- ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ ჯღარკავამ განაცხადა.

მისი შეფასებით, საგრძნობლად გაზრდილია შესაძლებლობა და იმედი, რომ საქართველო მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდება.

რაც შეეხება ერთა ლიგას, ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ნაკრები დღევანდელი შედეგებით, ერთა ლიგის B დივიზიონშია.

„ნაკრების დღევანდელი შედეგებით ერთა ლიგის B დივიზიონში ვართ, მაშინ როდესაც თავიდან D დივიზიონიდან ვიწყებდით. რეიტინგი მუდმივად ცვალებადია და ბოლო შედეგებს უნდა დაველოდოთ. სპორტული კომპეტენციიდან ოდნავ მოშორებით ვარ, თუმცა სამიზნე უმაღლესი ადგილია, ისევე როგორც მანამდე იყო და ფაქტიც სახეზეა, ერთა ლიგის ორი დონე გავიარეთ ამ მოკლე პერიოდში, შესაბამისად ჩვენი მიზნები აქაც სულ მაღალი იქნება.

თუმცა ერთია მიზნები და მეორეა რეალობა. ფეხბურთში ძალიან რთულია რაღაცის დაგეგმვა. თუნდაც გავიხსენოთ ვლადიმერ ვაისის მოღვაწეობა, რომელიც მართალია იმ სასურველ შედეგამდე ვერ მივიდა, თუმცა მისი შედეგები შეიძლება იმ პერიოდის მთავარ მონაპოვრად მივიჩნიოთ. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ რთული იქნება, ჩვენ უმაღლეს მიზნებს დავისახავთ. თუმცა, რომც არ გამოვიდეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის გზა გვეკეტება. სულ უნდა ვისწავლოთ პროცესში“,-აცხადებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი.

რაც შეეხება ვილი სანიოლის, ჯღარკავას თქმით, ნაკრების მთავარი მწვრთნელის კონტრაქტი მიმდინარე წლის ბოლოს სრულდება. თუმცა, მოლაპარაკებები მასთან მუდმივად მიმდინარეობს.

მისი ვარაუდით, ვილი სანიოლის პასუხი წლის ბოლომდე იქნება გაცხადებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები