მსოფლიო ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო „ოქროს ბურთი“ ყოველწლიურად სპორტული სამყაროს ყურადღების ცენტრში ექცევა. ნომინანტთა შორისაა ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელიც ტრავმის გამო, სამწუხაროდ ცერემონიას გამოტოვებს.
ვიდრე გლობალური საფეხბურთო საზოგადოება დაჯილდოების ოფიციალურ შედეგებს ელოდება, BMG-მ საერთაშორისო მედიაზე დაყრდნობით მიმოიხილა ჯილდოს ეკონომიკური და მატერიალური მხარე. რა ჯდება მისი დამზადება და რა რეალურ ღირებულებას ატარებს იგი.
სპორტული გამოცემა GOAL-ის მონაცემებით, „ოქროს ბურთის“ დამზადებისთვის გამოყენებული მასალების სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 3 000-დან 5 000 ევრომდე მერყეობს. ეს თანხა მხოლოდ ნედლეულის ფასს ასახავს და არა ჯილდოს საბაზრო ღირებულებას.
თავად თასი მთლიანად ოქროსგან არ მზადდება. მისი სფერო ლატუნის ორი ნახევარსფეროსგან იქმნება, რომლებიც ოქროს ფენით იფარება, ხოლო ტროფეის საფუძვლად პირიტის ქვა გამოიყენება. მინერალი, რომელსაც ვიზუალური მსგავსების გამო ხშირად „ცრუ ოქროსაც“ უწოდებენ.
ჯილდოს დამზადებაზე ფრანგული საიუველირო სახლი Mellerio მუშაობს. თითოეული ტროფეის შექმნას დაახლოებით 100 საათი სჭირდება, მოსამზადებელი პროცესი კი ცერემონიამდე ექვსი თვით ადრე იწყება.
თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ოსტატების 100-საათიან ხელით შრომას, დიზაინს, ბრენდსა და თავად ჯილდოს ისტორიულ/სპორტულ სტატუსს, „ოქროს ბურთის“, როგორც ხელოვნების ნიმუშისა და სიმბოლოს, რეალური შეფასებითი ღირებულება 500 000 ევროსაც კი აჭარბებს.
გამარჯვებული France Football-ისგან პირდაპირ ფულად საპრიზო თანხას არ იღებს. შესაბამისად, ჯილდოს არ ახლავს სტანდარტული ფინანსური პრემია.
თუმცა, „ოქროს ბურთის“ მოპოვება ფეხბურთელს კოლოსალურ კომერციულ სარგებელს უქმნის. იზრდება მისი ინდივიდუალური ბრენდის ფასი, იცვლება სპონსორებთან ურთიერთობა და იზრდება სარეკლამო კონტრაქტების ღირებულება.
მაგალითად, 2018 წელს, როდესაც ლუკა მოდრიჩმა „ოქროს ბურთი“ მოიგო, მან Nike-თან გაფორმებული ინდივიდუალური კონტრაქტით დაახლოებით 800 000 ევროს ოდენობის ბონუსი მიიღო.
შესაბამისად, Ballon d'Or-ის მთავარი ღირებულება არა მის ოქროს საფარში ან პირიტის ქვაში, არამედ იმ გლობალურ აღიარებასა და ფინანსურ შესაძლებლობებშია, რომელსაც ის ფეხბურთელს უხსნის.
























