საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია 2026 წლის „ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტს შორისაა. კანდიდატთა სია France Football-მა და უეფამ დღეს გამოაქვეყნეს.
2026 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელი 26 ოქტომბერს, ლონდონში გასამართ დაჯილდოებაზე გამოვლინდება. ცერემონია ბრიტანეთის დედაქალაქში პირველად გაიმართება.
ქართველი ფეხბურთელი „ოქროს ბურთის“ ნომინაციაში კარიერის მანძილზე ზედიზედ მესამედ მოხვდა. 2025 წელს კვარაცხელიამ საბოლოო რეიტინგში მერვე ადგილი დაიკავა.
საგულისხმოა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ გასული სეზონი განსაკუთრებით წარმატებით ჩაატარა. უეფას მონაცემებით, მან ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წლების გათამაშებაში 16 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულიც სწორედ მას ერგო.
ქართველმა შემტევმა „პარი სენ-ჟერმენის“ მიერ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგებაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. პარიზულმა კლუბმა ფინალში „არსენალი“ დაამარცხა და ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა.
კვარაცხელიას კანდიდატურა დღეს მისმა თანაგუნდელმა და მოქმედმა „ოქროს ბურთის“ მფლობელმა უსმან დემბელემაც გამოარჩია. მისი ფავორიტების სამეულში კვარაცხელიასთან ერთად ჰარი კეინი და კილიან მბაპე არიან.
ასევე ოქროს ბურთის ნომინანტებს შორის არიან:
ჯუდ ბელინგემი, პაუ კუბარსი, უსმან დემბელე, მარკ კუკურელია, ლუის დიასი, ბრუნო ფერნანდესი, ერლინგ ჰაალანდი, გაბრიელ მაგალიაესი, ჰარი კეინი, აშრაფ ჰაკიმი, ლამინ იამალი, სადიო მანე, მარტინ ოდეგორი, ლაუტარო მარტინესი, კილიან მბაპე, ნუნუ მენდეში, ლიონელ მესი, ჟოაუ ნევეში, მაიკლ ოლისე, უილიამ პაჩო, ხულიან კინიონესი, დეკლარ რაისი, როდრი, ფაბიან რუისი, უილიამ სალიბა, ფერან ტორესი, დაიო უპამეკანო, ვინისიუს ჯუნიორი, ვიტინია.




























