მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2016 წელს აშენებულ საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შენობაზე დაზიანებების გამო შეწყდა

63e4ecaaca1bc
BM.GE
09.02.23 16:52
1878
თბილისის N37 საჯარო ბაღში დღეიდან სააღმზრდელო პროცესი შეწყდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, ბაღის კონტინგენტი, საიჯარო ფართის შერჩევამდე, ახლომდებარე ბაღებში გადანაწილდება.

როგორც მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული საექსპერტო დასკვნის საფუძველზე იქნა მიღებული. ექსპერტიზის დასკვნით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე შენობა არ არის ავარიულ მდგომარეობაში და მისი ნგრევის საშიშროება არ არსებობს, შენობის ფუნქციური დანიშნულებიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ შენობაზე არსებული დაზიანებები სწრაფად პროგრესირებს, მისი ექსპლუატაცია, გამაგრების ღონისძიებების ჩატარებამდე, არასაიმედოა.

„N37 საბავშვო ბაღის შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. წარსულში ჩატარებული კვლევების შედეგების საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ შენობის ჯდენითი დეფორმაციები კვლავ გრძელდება, რის გამოც არსებული დაზიანებები სწრაფი ტემპით პროგრესირებს და ვითარდება ახალი დაზიანებები. აღნიშნული კი იწვევს ბაღის შენობის ტექნიკური მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებას. მიზანშეწონილად მიგვაჩნია, უმოკლეს ვადებში შენობას ჩაუტარდეს გამაგრება-გაძლიერების სამუშაოები, დეტალური კვლევის შედეგების საფუძველზე დამუშავებული პროექტის მიხედვით,“ - ნათქვამია საექსპერტო დასკვნაში.

ცნობისთვის, N37 საბავშვო ბაღის შენობა ისნის რაიონში, გოჩა ონაშვილის ქუჩაზე 2016 წელს აშენდა და გაიხსნა. ბაღი 587 აღსაზრდელს ემსახურება. ბაღის ადმინისტრაცია აღსაზრდელებს მშობლების სურვილისამებრ, დროებით, ახლომდებარე ბაღებში რეგისტრაციას შესთავაზებს, საიჯარო ფართის შერჩევის შემდეგ, ბაღი კონკრეტულ შენობა-ნაგებობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები