2018 წლიდან 2025 წლამდე საქართველოს ტერიტორიაზე გატარებული სატრანზიტო ტვირთების მოცულობა 109%-ით გაიზარდა - ამის შესახებ PMC კვლევითი ცენტრის მიერ საქართველოს სატრანზიტო ტვირთნაკადებისა და შუა დერეფნის დინამიკის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშშია საუბარი.
დოკუმენტის თანახმად, სატრანზიტო ტვირთის კუთხით რეკორდული მაჩვენებელი - 15.1 მილიონი ტონა 2024 წელს დაფიქსირდა, ხოლო 2025 წელს ჯამურმა მოცულობამ 13.7 მილიონი ტონა შეადგინა, რაც წლიურად 9.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
2025 წელს დაფიქსირებული კლება ძირითადად აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტზე ტვირთბრუნვის 7.8%-იანმა შემცირებამ განაპირობა. მიუხედავად ამისა, აღნიშნული მიმართულება კვლავ მთავარ გზად რჩება და მასზე საქართველოს მთლიანი სატრანზიტო ტვირთების თითქმის 70% მოდის.
2025 წელს შუა დერეფნით (ევროკავშირი/თურქეთი აზერბაიჯანი/ცენტრალური აზია/ჩინეთი) გადაზიდულმა ტვირთებმა 4.6 მილიონი ტონა შეადგინა. 2024 წელთან შედარებით ფიქსირდება 5%-იანი კლება, რაც გამოწვეული იყო ევროკავშირი-აზერბაიჯანისა (-41%) და ევროკავშირი-ცენტრალური აზიის (-13%) მარშრუტების შემცირებით.
პარალელურად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ტვირთნაკადები თურქეთი-ცენტრალური აზიისა (+21%) და თურქეთი-აზერბაიჯანის (+4%) მიმართულებებზე.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ 2025 წელს საავტომობილო ტრანსპორტი კვლავ ინარჩუნებდა ლიდერობას:
-
საავტომობილო გადაზიდვები: მთლიანი ტრანზიტის 55% (7.5 მილიონი ტონა).
-
სარკინიგზო გადაზიდვები: მთლიანი ტრანზიტის 45% (6.2 მილიონი ტონა). აღსანიშნავია, რომ 2018–2025 წლების პერიოდში საავტომობილო ტრანზიტი 124.7%-ით გაიზარდა, ხოლო სარკინიგზო — 93.2%-ით.




























