მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შუა დერეფანში" ინვესტიციებს ეკონომიკური ზრდის დაჩქარება და მილიონობით სამუშაო ადგილის შექმნა შეუძლია - მსოფლიო ბანკი

12

მსოფლიო ბანკის ჯგუფის ახალი ანგარიშის თანახმად, ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს ეკონომიკური ზრდის გაცილებით მაღალი დონის მიღწევა, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და მეტი ინვესტიციის მოზიდვა სავაჭრო მარშრუტის მოდერნიზაციის და ინტეგრაციის გაღრმავების გზით შეუძლიათ.

ანგარიში „ინტეგრაცია: მსოფლიო დონის სავაჭრო ლოგისტიკა ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ“ მიუთითებს, რომ სტრატეგიულ ინვესტიციებს განვითარებად ტრანსკასპიურ სატრანსპორტო დერეფანში (TCTC), რომელიც „შუა დერეფნის“ სახელითაც არის ცნობილი, შეუძლიათ 2040 წლისთვის ამ მარშრუტის გასწვრივ ვაჭრობის მოცულობა სამჯერ და მეტად გაზარდონ, გაანახევრონ მგზავრობის დრო, 3,3%-ით აამაღლონ მშპ და დამატებით 2 მილიონი სამუშაო ადგილი შექმნან.

ანგარიში ასევე აღნიშნავს, რომ თუ ქვეყნები ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებს ვაჭრობისა და ტრანსპორტის ეფექტიანობის გასაუმჯობესებელ რეფორმებთან ერთად განახორციელებენ, 2040 წლისთვის დერეფნის გამტარუნარიანობა შესაძლოა გაოთხმაგდეს, ხოლო მგზავრობის სავარაუდო ხანგრძლივობა ორი მესამედით შემცირდეს.

ანგარიშის მიხედვით, ასეთი სარგებელი სატრანსპორტო შეფერხებების შემსუბუქებით, მიწოდების ჯაჭვის საიმედოობის გაუმჯობესებით და ბაზარზე წვდომის გაფართოებით იქნება მიღწეული დერეფნის ცხრა ქვეყანაში - სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, ყაზახეთში, ყირგიზეთის რესპუბლიკაში, ტაჯიკეთში, თურქეთში, თურქმენეთსა და უზბეკეთში. ამ ქვეყნებში მცხოვრები თითქმის 200 მილიონი ადამიანისთვის ეს ასევე ნიშნავს ბაზრებსა და სხვა შესაძლებლობებზე უკეთეს წვდომას.

TCTC ქვეყნებისთვის, რომელთაგან ბევრი ენერგიის, კრიტიკული მნიშვნელობის მქონე მინერალების, ნედლეულისა და სასურსათო პროდუქტების მსხვილი მწარმოებელია, დერეფანი გარე შოკების მიმართ დაუცველობის შემცირების შესაძლებლობას იძლევა, ტრანზიტზე მოთხოვნის ადგილობრივ ინვესტიციებად გარდაქმნის, ბიზნესის ზრდის და სამუშაო ადგილების შექმნის პარალელურად. რეგიონული ვაჭრობის ბოლოდროინდელი ზრდა, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, TCTC სახელმწიფოებისთვის დამატებითი სტიმულია ამ სტრატეგიული სატრანსპორტო არტერიის განვითარების თვალსაზრისით.

ანგარიში აჩვენებს, თუ როგორ შეუძლია სავაჭრო დერეფანს ლოგისტიკური ხარჯების შემცირება, ინვესტიციების მოზიდვა, პროდუქტიულობის ამაღლება და სამუშაო ადგილების შექმნის მხარდაჭერა. ის აფასებს ტრანსკასპიური სავაჭრო დერეფნის ეკონომიკურ პოტენციალს, განსაზღვრავს ეფექტიანობის ხელშემშლელ ფაქტორებს და გვთავაზობს პრაქტიკულ რეკომენდაციებს დერეფნის რეგიონული ზრდის გაცილებით მძლავრ მექანიზმად გარდასაქმნელად.

„ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი შეიძლება მის გასწვრივ მდებარე ქვეყნების სწრაფი ზრდის, ეკონომიკური დივერსიფიკაციის, სიღარიბის დაძლევისა და კერძო ინვესტიციების გაფართოების მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორი გახდეს. მას აქვს პოტენციალი, გარდაიქმნას ტვირთებისა და მგზავრების ტრანსპორტირების უბრალო დერეფნიდან ისეთ რეგიონულ პლატფორმად, რომელიც აქტიურად განავითარებს ბიზნესს, შექმნის სამუშაო ადგილებს და ხელს შეუწყობს ადგილობრივი მრეწველობის განვითარებას. ეს მოითხოვს ინვესტიციებს ფიზიკურ ინფრასტრუქტურაში, ისევე როგორც დამატებით ინვესტიციებს მომსახურების მიწოდების, ვაჭრობის ხელშეწყობის ახალი მიდგომების, სატრანსპორტო ოპერაციებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით შეუფერხებელი რეგიონული ბაზრის შესაქმნელად“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ანტონელა ბასანიმ.

ანგარიშის შეფასებით, 2040 წლის ბოლომდე 25 მლრდ დოლარზე მეტის ინვესტირება იქნება საჭირო ფიზიკურ ინფრასტრუქტურაში, განსაკუთრებით სარკინიგზო ქსელებში, საზღვაო პორტებსა და დამაკავშირებელ გზებში. დერეფნის ქვეყნებში ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციების უმეტესობა უკვე განხორციელების პროცესში ან მომზადების მოწინავე ეტაპზეა. თუმცა, კონკურენტუნარიანობის, ტვირთების მოცულობისა და ეკონომიკური ზემოქმედების მდგრადი ზრდა TCTC ქვეყნებში ასევე მოითხოვს დერეფნის გაცილებით აქტიურ ფუნქციონირებას, სერვისების მეტ ეფექტიანობასა და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებას.

ამასთან ერთად, დაახლოებით 30 მლრდ დოლარი იქნება საჭირო „ხელშემწყობი“ ინვესტიციებისთვის, როგორებიცაა: საავტომობილო და სარკინიგზო კავშირების შექმნა, რაც განაპირობებს დერეფნის ინტეგრაციას ადგილობრივ ეკონომიკაში; ლოგისტიკური ჰაბების და შიდა ტერმინალების განვითარება, რაც უზრუნველყოფს საქონლის უფრო სწრაფად გადაადგილებას; და ლოგისტიკური აღჭურვილობის, მათ შორის, მოძრავი შემადგენლობის, მაგ. ლოკომოტივების და ვაგონების, ტვირთის გადამუშავების აღჭურვილობის და ციფრული სისტემების შესყიდვა, რომლებიც უზრუნველყოფს მთელი ქსელის შეუფერხებელ ფუნქციონირებას.

დერეფნის წარმატება საბოლოოდ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად კარგად ითანამშრომლებენ ქვეყნები და ოპერატორები სასაზღვრო შეფერხებების შემცირების, დოკუმენტაციის გამარტივების, ჰაბების კოორდინაციისა და საიმედო მომსახურების მიწოდების მიმართულებით. მთავრობებს, სატრანსპორტო ოპერატორებსა და კერძო სექტორს შორის უფრო მჭიდრო პარტნიორობამ შეიძლება გააუმჯობესოს საიმედოობა, მოიზიდოს ინვესტიციები და ხელი შეუწყოს მარშრუტის ეკონომიკური ზრდის უფრო ფართო პლატფორმად გარდაქმნას.

ანგარიში ხაზს უსვამს ოთხ პრიორიტეტულ ქმედებას დერეფნის მართვისა და ოპერირების გასაუმჯობესებლად, ესენია: დერეფნის ერთიანი ციფრული სისტემის დანერგვა ფრაგმენტული დოკუმენტბრუნვის ჩასანაცვლებლად, ტრანსპორტის, ტრანზიტისა და სავაჭრო მონაცემების მიღების „ერთი ფანჯრის“ შექმნით; ინტეგრირებული, ბაზარზე ორიენტირებული, სარკინიგზო ტვირთების და
ტრანსკასპიური გადაზიდვების ოპერატორის ერთობლივი საწარმოს გაძლიერება ან დაარსება,
სარკინიგზო და საზღვაო საკონტეინერო მომსახურების ერთმანეთთან დასაკავშირებლად; დერეფნის
მასშტაბით კოორდინაციის გაძლიერება საქმიანობის მონიტორინგის, შეფერხებების აღმოფხვრისა და
ერთობლივი გადაწყვეტილებების მხარდასაჭერად; და დერეფნის ოპერატორების მოდერნიზაცია
მმართველობის, ფინანსური მდგრადობისა და რეგულირების გაუმჯობესების გზით, რათა
სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულმა სარკინიგზო, საპორტო და გადამზიდავმა კომპანიებმა უკეთ
შეძლონ კომერციული ოპერირება.

„დერეფნის სრული პოტენციალის რეალიზება დამოკიდებული იქნება პრაქტიკულ ღონისძიებებზე, რომლებიც საზღვრებს შორის ტვირთის გადაადგილებას უფრო სწრაფს, პროგნოზირებადს და სამართავად მარტივს გახდის. უკეთ დაკავშირებული რკინიგზა, პორტები, ლოგისტიკური ჰაბები და ციფრული სისტემები, ქვეყნებსა და ოპერატორებს შორის გაცილებით ძლიერ კოორდინაციასთან ერთად, ხელს შეუწყობს ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის ბიზნესისთვის უფრო კონკურენტუნარიან მარშრუტად და რეგიონული განვითარების ძლიერ პლატფორმად გადაქცევას“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის ინფრასტრუქტურის მიმართულების რეგიონულმა დირექტორმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ჩარლზ კორმიემ.

ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი (TCTC), რომელიც ასევე ცნობილია როგორც „შუა დერეფანი“, სწრაფად ვითარდება აზიასა და ევროპას შორის უმნიშვნელოვანეს მულტიმოდალურ სავაჭრო მარშრუტად. ის ცენტრალურ აზიას, სამხრეთ კავკასიასა და თურქეთს მოიცავს. აღნიშნული ქვეყნების ერთმანეთთან და გლობალურ ბაზრებთან დაკავშირებასთან ერთად, რაც სარკინიგზო, საავტომობილო და საზღვაო (კასპიისა და შავი ზღვები) მიმოსვლის გზით წარმოებს, ის ასევე აკავშირებს ევროპას და აღმოსავლეთ აზიას. ანგარიშში ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის მონაწილე ქვეყნებად მოხსენიებულია: სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთის რესპუბლიკა, ტაჯიკეთი, თურქეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი ჯერ არ არის TCTC-ის მასპინძელი ქვეყანა, ის სავარაუდოდ პირდაპირ კავშირებს დაამყარებს დერეფანთან 2030-იანი წლებისთვის. ვინაიდან ამ ანგარიშის ანალიტიკური ჰორიზონტი 2023 – 2040 წლებს მოიცავს, მასში სომხეთიც იქნა ჩართული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები