მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2018 წლიდან სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევები 44%-ით შემცირდა - ფერაძე

შრომის ინსპექცია

2024 წლის მონაცემებით, 44%-იანი კლება დაფიქსირდა 2018 წელთან შედარებით, ანუ მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების შესახებ კანონი ამოქმედდა. ეს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტზე შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ განაცხადა. მან პარლამენტში შრომის ინსპექციის 2024 წლის ანგარიში წარადგინა.

ფერაძის ინფორმაციით, სამსახურის მანდატი ეტაპობრივად იზრდებოდა და ფართოვდებოდა.

„2018-2019 წლებში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის თვალსაზრისით, ხოლო 2021 წელს უკვე შრომის კოდექსის და საჯარო სამსახურის კანონით ზედამხედველობის მანდატი დაგვემატა. ფაქტობრივად, ამ რეფორმებით, სრულად ვახორციელებთ ზედამხედველობას შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებზე“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

მომხსენებლის განმარტებით, შემოწმებული ობიექტების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. 2024 წელს ეს მაჩვენებელი 68%-ით არის გაზრდილი და ჯამში შემოწმებულია 5000-ზე მეტი ობიექტი. ამასთან, სამსახურის მიერ გათვალისწინებული მანდატი შეეხო 84 000-ზე მეტ დასაქმებულ პირს.

როგორც ბექა ფერაძემ აღნიშნა, გასულ წელს შემოწმებულია ყველა ეკონომიკური საქმიანობა და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მაღალი რისკის შემცველ ობიექტებს. მისი თქმით, გამოვლენილი დარღვევები უკავშირდება სწავლების და ინსტრუქტაჟის ჩატარებას, ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალების არქონას და ასე შემდეგ.

მან სამუშაო ადგილზე დაფიქსირებულ ინციდენტებსა და ფატალურ შედეგებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევები 44%-ით არის შემცირებული. როგორც BMG-ის შრომის ინსპექციის პრესსამსახურში განუცხადეს 2024 წელს სამუშაოდ ადგილზე გარდაცვალების 33 შემთხვევა დაფიქსირდა.

მან ასევე ისაუბრა არასრულწლოვანთა მიმართ შრომითი უფლებების დარღვევაზე და აღნიშნა, რომ ამ კუთხით ცხრა ობიექტზე 30 პირის მიმართ გამოვლინდა დარღვევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები