მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019-2024 წლებში აუდიტის სამსახურმა 3 700-ზე მეტი რეკომენდაცია გასცა - როგორია შესრულება?

ცოტნე ყავლაშვილი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2019-2024 წლებში 3 700-ზე მეტი რეკომენდაცია გასცა. რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის შედეგების შესახებ ანგარიშის მიხედვით, ყველაზე მეტი, 868 რეკომენდაცია, 2021 წელს ჩატარებულ აუდიტებზე მოდის. მიმდინარე წელს კი 320 რეკომენდაცია გაიცა.

რეკომენდაციების ნახევარზე მეტი, 53% გაცემულია შესაბამისობის აუდიტებში, რაც აუდიტის სამსახურის განმარტებით, იმით აიხსნება, რომ უწყება ყველაზე დიდი რაოდენობით სწორედ აღნიშნული ტიპის აუდიტს ატარებს.

ყველაზე მეტი რეკომენდაცია, მთლიანი რაოდენობის 30%, მიემართება ორგანიზაციული და პერსონალის მართვასთან დაკავშირებულ ხარვეზებს. მეორე ადგილზე, 23%-იანი წილით, შესყიდვების მართვაა, რომელსაც საბიუჯეტო რესურსების მართვა მოსდევს - მთლიან რაოდენობაში 19%-იანი წილით.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიუთითებს, რომ ნაკლოვანებების ნაწილი სისტემურ ხასიათს ატარებს და მეორდება მრავალ საბიუჯეტო ორგანიზაციაში.

რაც შეეხება აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებას, 2019-2024 წლებში გაცემული რეკომენდაციებიდან, მაისის მდგომარეობით, სრულად შესრულებულია 45%, ნაწილობრივ - 25%, ხოლო შეუსრულებელია - 10%. ამას გარდა, რეკომენდაციების 20% მიმდინარეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ რეკომენდაციების შესრულებაზე სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ვადა ჯერ არ დამდგარა.

2024 წლის მასის მდგომარეობით, შეუსრულებელი რეკომენდაციების მაღალი, 23%-იანი წილით 2021 წელი გამოირჩევა. 2021, 2022 და 2023 წლების შემთხვევაში, სრულად რეკომენდაციების ნახევარზე ნაკლებია შესრულებული. 2024 წელს გაცემულ რეკომენდაციებს კი მიმდინარე სტატუსი აქვს.

შესრულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფინანსური აუდიტის რეკომენდაციებშია - 58%, ყველაზე დაბალი - ეფექტიანობის აუდიტის რეკომენდაციებში და 23%-ს შეადგენს. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ეფექტიანობის აუდიტში ძირითადად გაიცემა მნიშვნელოვანი კატეგორიის რეკომენდაციები, რომელთა შესრულება მეტ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციები იყოფა ორ კატეგორიად: სტანდარტული და მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია რეკომენდაციები, რომელთაც შესაძლოა დიდი ზეგავლენა ჰქონდეს საჯარო სექტორში მიმდინარე პროცესებსა და სახელმწიფო ბიუჯეტზე. ასეთი რეკომენდაციების შესრულებით მათ შორის შესაძლებელია კორუფციისა და თაღლითობის რისკის შემცირება, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, სახელმწიფო პროგრამების მართვის გაუმჯობესება და სხვ. სტანდარტული რეკომენდაციების შესრულებას კი არ აქვს მაღალი ფინანსური შედეგი და არ მოითხოვს განსაკუთრებულ ძალისხმევას შესაბამისი უწყების მხრიდან. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2019-2024 წლებში გაცემული რეკომენდაციების 45%
მნიშვნელოვანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები