მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წელს საქართველოდან 519 ტონა ნივრის ექსპორტი განხორციელდა - სად გადის ქართული ნიორი

5e4aaa4ac36c0
ვიქტორია მღებრიშვილი
18.02.20 10:15
3343
საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ფარგლებში, ნიორი ერთადერთი სასაქონლო ჯგუფია, რომელზეც ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტისას ლიმიტია დაწესებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს საბაჟო გადასახადის გარეშე წელიწადში მხოლოდ 220 ტონა ნივრის გატანა შეუძლია ექსპორტზე. თუ მწარმოებელი ქვეყანა ამ ოდენობას გადააჭარბებს, ის საბაჟო მოსაკრებელს გადაიხდის.

მართალია, საქართველოს დიდი რაოდენობით ნიორი არ მოჰყავს, მაგრამ როგორც ირკვევა, აღნიშნული კვოტის დაწესების მიზეზი ევროკავშირის ბაზრის ჩინური ნივრისგან დაცვაა, რადგან ჩინეთი ნივრის საერთაშორისო ბაზარზე ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა.

Bm.ge დაინტერესდა, გადიოდა/გადის თუ არა ნიორი ევროკავშირში ექსპორტზე და თუ - არა, რა ბაზრებზე იყიდება ძირითადად ქართული ნიორი.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2011 წლიდან დღემდე მცირე რაოდენობის (300 კგ) ნივრის ექსპორტი ერთადერთხელ განხორციელდა ლატვიაში, 2017 წელს.

სტატისტიკა ასევე აჩვენებს, რომ მიუხედავად DCFTA-ით განსაზღვრული შესაძლებლობებისა, 2014 წლის შემდეგ საქართველო ნივრის ექსპორტს ძირითადად მეზობელ ქვეყნებში ახორციელებს (რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, უკრაინა).

საქსტატიდან გამოთხოვილი მონაცემების მიხედვით, 2019 წელს 595,100 დოლარის ღირებულების 519.3 ტონა ნიორი ძირითადად მეზობელ ქვეყნებში გაიყიდა, რაც წინა წლებთან შედარებით რეკორდული მაჩვენებელია.
გასული წელს საქართველოდან ნივრის ექსპორტი მხოლოდ 2 ქვეყანაში განხორციელდა: რუსეთში 308,300 დოლარის ღირებულების 250.6 ტონა ნიორი გაიყიდა, ხოლო თურქეთში - 286,700 დოლარი ღირებულების 268.6 ტონა ნიორი.

2018 წელს საექსპორტი ბაზრებს ძირითადად რუსეთი და უკრაინა წამოდგენდნენ; 2017 წელს - რუსეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი; 2016 წელს - რუსეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი და სომხეთი; 2015 წელს - აზერბაიჯანი და სომხეთი; 2014 წელს კი - მხოლოდ სომხეთი.

ამასთან, ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოდან ექსპორტირებული ნივრის ღირებულების სტატისტიკა ასეთია: 2014 წელი - 2,900 დოლარი; 2015 წელი -165,300 დოლარი; 2016 წელი - 318,800 დოლარი; 2017 წელი - 291,900 დოლარი; 2018 წელი - 350,100 დოლარი;

რაც შეეხება ნივრის ექსპორტიორ კომპანიებს, 2019 წელს საქართველდან ექსპორტს რამდენიმე კომპანია ახორციელებდა. მათ შორისაა: შპს „სავარძელი“, შპს „ტრაფ-ესკორტ საქართველო“, შპს „ლიმა“, შპს „აგროჰომ“, შპს „მარეთი“, შპს „ქართული ხილის ექსპორტი“, შპს „ბესტ ფრუიტ“ დაშპს „გლობალ ინვესტი“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები