მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„2019 წლის მაჩვენებლის ნახევარს თუ მივაღწევთ, კარგი იქნება“ - როგორია საქმიანი ტურიზმის აღდგენის დინამიკა

629e351aee3f8
ალა ისპირიანი
06.06.22 23:00
993
„საქართველოს ბიზნეს ტურიზმის ასოციაციაში“ საქმიანი ტურიზმის მიმართულებით ომის შემდეგ არსებულ გამოწვევებზე საუბრობენ. როგორც ასოციაციის" დამფუძნებელმა ირმა კოდუამ „საქმის კურსში“ განაცხადა, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე ინდუსტრია საქმიანი ტურიზმის მაჩვენებლების 2019 წელთან დაახლოებას პროგნოზირებდა, თუმცა ომმა მოლოდინები უარყოფითად შეცვალა.

„მას შემდეგ, რაც გამოაცხადეს რომ ომიკრონი საფრთხეს აღარ წარმოადგენს, [საქმიანი ტურიზმის] მიმართულების საქმე კარგად წავიდა. გლობალურმა კორპორაციებმა თანამშრომლებისთვის მოგზაურობაზე აკრძალვის მოხსნა დაიწყეს. საქართველოს მიმართ დიდი ინტერესი განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან და ევროპიდან წამოვიდა. ყველაზე მასშტაბურად მოთხოვნა მაინც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან მოდიოდა. რაც შეეხება ევროპას, დიდი ინტერესი იყო მაგალითად, საფრანგეთიდან, პოლონეთიდან და ჩეხეთიდან. რაც შეეხება გერმანიას, აქედან ნაკლებად, მაგრამ, ეს ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე იყო, რადგან ყველაზე გვიან გერმანია გაიხსნა.

ასევე ინტერესი იყო "ბენელუქსის" ქვეყნებიდან, თუმცა ეს ყველაფერი 24 თებერვლამდე... ამ ეტაპისთვის საქართველო უსაფრთხო ქვეყნად არ ითვლება და ამ კუთხით, ვფიქრობ, უცხოური საქმიანი სტუმრების განსაკუთრებით დასავლეთ ევროპიდან მოზიდვა გაგვიჭირდება. ქვეყნის მასშტაბით სწორი სტრატეგიაა შესამუშავებელი, რათა სწორად მოხდეს იმის განსაზღვრა, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა. კერძო სექტორმა სახელმწიფოსთან შეთანხმებით ერთად უნდა ვიმუშაოთ", - განაცხადა ირმა კოდუამ.

მისივე თქმით, ინდუსტრიის პროგნოზით, საქმიანი ტურიზმის აღდგენა 2019 წლის ნიშნულს თუ არ დაუბრუნდებოდა, მასთან ახლოს მაინც უნდა ყოფილიყო. "დღეს ამ მაჩვენებლების ნახევარსაც თუ მივაღწევთ, ძალიან კარგი იქნება. ძალიან სწორად და მალე უნდა დაიგეგმოს სტრატეგია იმისთვის, რომ ჩვენ საქართველო დავაპოზიციონეროთ, როგორც უსაფრთხო მიმართულება შეხვედრებისათვის", - დასძინა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები