ტურიზმი ტრილიონდოლარიანი ინდუსტრიაა, რომელიც მთელ მსოფლიოში ზრდას განაგრძობს. თუმცა, 2025 წელს ერთ-ერთ რეგიონში საპირისპირო ტენდენცია დაფიქსირდა.
მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭოს (WTTC) მონაცემებზე დაყრდნობით, 2025 წელს შვიდ გლობალურ რეგიონში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ დახარჯული თანხების ანალიზს წარმოგიდგენთ.
მონაცემები ასევე ასახავს, თუ როგორ შეიცვალა დანახარჯები თითოეულ რეგიონში 2019 და 2024 წლებთან შედარებით (დოლარში).
2025 წელს ჩრდილოეთ ამერიკამ საერთაშორისო ვიზიტორებისგან 235 მილიარდი დოლარი მიიღო, რაც 2024 წელთან შედარებით 3.3%-ით, ხოლო 2019 წლის მაჩვენებელზე 17.8%-ით ნაკლებია.
ეს იყო ერთადერთი რეგიონი, სადაც წლიური კლება დაფიქსირდა. შედარებისთვის, ყველა სხვა რეგიონმა პანდემიამდელ (2019 წლის) ნიშნულზე მაღალი მაჩვენებლის შენარჩუნება შეძლო.
| რეგიონი | საერთაშორისო ვიზიტორების დანახარჯები 2025 წელს ($ მლრდ) | ცვლილება 2024 წელთან შედარებით (%) | ცვლილება 2019 წელთან შედარებით (%) |
| ევროპა | 835 | 1.3 | 2.3 |
| აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი | 573 | 8.3 | 1.0 |
| ჩრდილოეთი ამერიკა | 235 | -3.3 | -17.8 |
| ახლო აღმოსავლეთი | 183 | 5.2 | 26.8 |
| აფრიკა | 75 | 5.0 | 4.0 |
| ცენტრალური და სამხრეთი ამერიკა | 65 | 3.4 | 8.6 |
| კარიბის აუზი | 50 | 2.5 | 21.5 |
2025 წელს მექსიკამ თითქმის 100 მილიონი უცხოელი ვიზიტორით ტურიზმში ახალი რეკორდი დაამყარა. უფრო ჩრდილოეთით, კანადაში საერთაშორისო ვიზიტორების დანახარჯები წლიურად 17.5%-ით გაიზარდა.
თუმცა, ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის საერთო მაჩვენებელი უკან აშშ-მა დასწია, სადაც როგორც საერთაშორისო ტურისტების ჩასვლა, ისე მათი დანახარჯები დაახლოებით 5%-6%-ით შემცირდა.
ამ კლებას რამდენიმე ფაქტორმა შეუწყო ხელი, მათ შორის სავიზო გასაუბრების ლოდინის გახანგრძლივებულმა ვადებმა, სამოგზაურო შეზღუდვებმა, სავაჭრო პოლიტიკის თანმხლებმა უარყოფითმა ეფექტებმა და უფრო მკაცრმა სასაზღვრო და საიმიგრაციო წესებმა.
ყველაზე მაღალშემოსავლიანი რეგიონები მსოფლიოში
ჩრდილოეთ ამერიკის გარდა, 2025 წელს საერთაშორისო ვიზიტორების დანახარჯები ყველა რეგიონში გაიზარდა. ლიდერი ევროპაა 835 მილიარდი დოლარით, რაც წარმოდგენილი რეგიონების საერთო დანახარჯების 40%-ზე მეტს შეადგენს.
მეორე ადგილზეა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი 573 მილიარდი დოლარით, სადაც წლიური 8.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ამ მატების მიუხედავად, დანახარჯები 2019 წლის დონეს მხოლოდ 1%-ით აღემატებოდა.
კარიბის აუზის ქვეყნებმა საერთაშორისო ვიზიტორებისგან 50 მილიარდი დოლარი მიიღეს, რაც 2019 წელთან შედარებით 21.5%-ით მეტია. ამ მაჩვენებლით რეგიონი პანდემიის შემდგომი აღდგენის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად იქცა.
ახლო აღმოსავლეთი პანდემიის შემდგომ ზრდით ლიდერობს
ახლო აღმოსავლეთმა პანდემიამდელ მაჩვენებლებთან შედარებით ყველაზე მკვეთრი ზრდა აჩვენა. სპარსეთის ყურის ქვეყნების (მათ შორის საუდის არაბეთის, კატარისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების) წინამძღოლობით, 2019-2025 წლებში საერთაშორისო ვიზიტორების დანახარჯები 26.8%-ით გაიზარდა.
2025 წელს რეგიონის შემოსავალმა 183 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 5.2%-ით მეტია.
თუმცა, 2026 წელს რეგიონში საერთაშორისო ტურიზმი ახალი გამოწვევების წინაშე დგება, განსაკუთრებით ირანში მიმდინარე ომის ფონზე.
























