გლობალური გაურკვევლობის მიუხედავად, 2026 წელს ევროპაში მოგზაურობისა და ტურიზმის სექტორი 3.1%-ით გაიზრდება და ეკონომიკის ზრდის საერთო ტემპს გადაასწრებს - ამის შესახებ მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭოს (WTTC) უახლეს კვლევაშია ნათქვამი.
ევროპის მაჩვენებელი გადააჭარბებს გლობალური ტურიზმის ზრდას, რომლის პროგნოზიც მიმდინარე წელს 2.5%-ია, მიუხედავად ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობისა და ცხოვრების ხარჯების კრიზისისა.
პროგნოზის თანახმად, ევროპაში საერთაშორისო ვიზიტორების დანახარჯები 5.8%-ით გაიზრდება, დასვენებაზე გაწეული ხარჯები - 3.1%-ით, ხოლო საქმიანი მოგზაურობები - 4.2%-ით.
ახალი მონაცემები მალტაში WTTC-ის 26-ე გლობალური სამიტის გახსნის პრესკონფერენციაზე გამოქვეყნდა. ყოველწლიური სამიტი, რომელსაც "ტურიზმის დავოსს" უწოდებენ, 200-ზე მეტ აღმასრულებელ დირექტორს, სამთავრობო პირსა და 1 000 დელეგატს აერთიანებს.
"ეს არის სექტორი, რომელიც მზადაა ინვესტიციებისა და ინოვაციებისთვის, თუმცა მთავრობებმა შესაბამისი პირობები უნდა შექმნან - უზრუნველყონ შეუფერხებელი მოგზაურობა, გააძლიერონ დაკავშირებადობა, ხელი შეუწყონ ტალანტების განვითარებასა და მდგრად ზრდას", - განაცხადა WTTC-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა გლორია გევარამ.
რა ხდება WTTC-ის სამიტზე?
WTTC-ის სამიტის "FUTU[RE]SET" პანელური დისკუსიები ტურიზმის ინდუსტრიის წინაშე მდგარ მთავარ გამოწვევებზე იქნება ფოკუსირებული, როგორიცაა ტურიზმის ზრდის წახალისება ადგილობრივი მოსახლეობის დაუზიანებლად, ხოლო დღის წესრიგში ასევე იქნება მდგრადობა, ხელმისაწვდომობა და სხვა საკითხები.
სპიკერებს შორის არიან კანადის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო, ევროკომისარი მდგრადი ტრანსპორტისა და ტურიზმის საკითხებში აპოსტოლოს ძიძიკოსტასი და აშშ-ის პრეზიდენტის პირველი საგანგებო წარმომადგენელი ტურიზმის საკითხებში ნიკ ადამსი.
























