მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წლის შემდეგ პირველად, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინეთში ჩავა

6423eb2ef044a
გიორგი არონია
29.03.23 11:48
518

გასული სამი წლის განმავლობაში პირველად, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოშიმასა ჰაიაში ჩინეთში ჩავა რა დროსაც მის ჩინელ კოლეგას, ჩინ განგს შეხვდება, - ამის შესახებ რამდენიმე ადგილობრივი იაპონური გამოცემა წერს. მედიის ცნობით, იაპონიის პირველი დიპლომატის ოფიციალური ორდღიანი ვიზიტი, რომელიც 1-ელ აპრილს დაიწყება, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის სტაბილურობის შენარჩუნებას ემსახურება.

გასული წლების განმავლობაში, ორ აზიურ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა დაიძაბა, რადგან იაპონია ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორად ითვლება, მათ შორის ჩრდილო-ატლანტიკური სამხედრო ალიანსის მიმართულებით. ჩინეთი კი, ამ დროს, ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ რუსეთს ასახელებს, რაზეც სი ძინპინისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრაც მიუთითებს.

გასულ კვირას, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კიდევ ერთხელ მას მერე დაიძაბა, რაც ჩინეთის ხელისუფლებამ ჯაშუშობის ბრალდებით იაპონური ფარმაკოლოგიური კომპანიის, Astellas Pharma-ს თანამშრომელი დააკავა - ოფიციალური ტოკიო, ცხადია, მისი მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. იაპონელის დაკავების მიუხედავად, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ განაცხადა, რომ ქვეყნის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ სახელმწიფოსთან სტაბილური ურთიერთობის შენარჩუნებას გეგმავს.


ცნობისთვის: იაპონიისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ჩანიშვნას წინ უსწრებდა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის, ჯეიკ სალივანისა და ჩინეთის ერთ-ერთი უმთავრესი დიპლომატის, ვანგ ის სატელეფონო საუბარი, რომელიც მსოფლიოს ორ უმსხვილესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოებს შორის დაძაბულობის შემცირებას ემსახურებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები