მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონიაში ქართული ღვინის იმპორტს 2-3-თვიანი ლოჯისტიკა და სუსტი იენი ართულებს - "აჯიკა" გამოწვევებზე

აჯიკა

იაპონიაში ქართული ღვინის იმპორტის მთავარ გამოწვევებს ხანგრძლივი ლოჯისტიკა, სავალუტო რისკები და ადგილობრივი რეგულაციები წარმოადგენს. ქართული რესტორნის „აჯიკას“ თანადამფუძნებლის, გიორგი აბულაძის განცხადებით, პროდუქციის იაპონიამდე ტრანსპორტირებას 2-3 თვე სჭირდება, რის გამოც კომპანიას მარაგების წინასწარ დაგეგმვა უწევს.

როგორც აბულაძემ BM.GE-ს განუცხადა, კომპანია თავად ახორციელებს ქართული პროდუქციის იმპორტს. ასორტიმენტშია ქვევრის, ქარვისფერი და წითელი ღვინოები, ჭაჭა, ქართული ჯინი და ვისკი. მისი ინფორმაციით, მოთხოვნა განსაკუთრებით ქარვისფერ ღვინოზე იზრდება.

„სამი მთავარი გამოწვევა გვაქვს : ლოჯისტიკა - გზა გრძელია, ტვირთი 2-3 თვე მოდის, ამიტომ მარაგი წინასწარ უნდა დავგეგმოთ; სავალუტო რისკი - სუსტი იენი იმპორტს აძვირებს; და იაპონიის მკაცრი მოთხოვნები იმპორტსა და ეტიკეტირებაზე“, - აღნიშნავს გიორგი აბულაძე.

იმპორტის გარდა, კომპანიას საოპერაციო ხარჯების ზრდაც უწევს. აბულაძის ინფორმაციით, პროდუქტებისა და თანამშრომლების ანაზღაურების ხარჯები ზომიერად გაიზარდა, იჯარა კი უცვლელია. საკუთარი იმპორტისა და შესყიდვების ოპტიმიზაციის წყალობით, რესტორანს მენიუში ფასების გაზრდა არ დასჭირვებია : „ჩვენთვის მთავარია, რომ სტუმარმა ხარისხი და ღირებულება ერთნაირად იგრძნოს“, - ამბობს ის.

კომპანია ქართული ღვინის იმპორტისა და დისტრიბუციის გაფართოებას გეგმავს. გრძელვადიან პერსპექტივაში მისი მიზანია, იაპონიაში ქართული ღვინის ჰაბი შექმნას და ადგილობრივ ბაზარზე ქართველი მეღვინეების პროდუქციის ხელმისაწვდომობა გაზარდოს.

ქართული რესტორანი და ღვინის ბარი „აჯიკა“ ტოკიოში, კაგურაძაკას უბანში, 2025 წლის სექტემბერში 400 000 დოლარის ინვესტიციით გაიხსნა. რესტორანი ქართულ კერძებსა და ღვინოს სთავაზობს სტუმრებს. გამორჩეულია იმითაც, რომ იაპონიაში, ადგილობრივ რძის კომპანიასთან თანამშრომლობით, სპეციალურად მისთვის იმერული ყველი და სულგუნი მზადდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები