ტოკიოს ერთ-ერთ უძველეს უბანში კაგურაძაკაში, პირველი ქართული რესტორანი და ქართული ღვინის ბარი „აჯიკა“ გაიხსნა. რესტორანი ბისტროს კონცეფციით არის შექმნილი და სრულად ქართულ მოტივებზეა აგებული.
რესტორნის თანადამფუძნებელი, გიორგი აბულაძე BM.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ გახსნამდე გუნდმა ხუთთვიანი ინტენსიური მოსამზადებელი პროცესი გაიარა, რომელიც სივრცის მოძიებასა და ქირაობას, დიზაინისა და კონცეფციის შემუშავებას, ასევე რესტორნის ოპერაციების დაგეგმვასა და სრულფასოვან გამართვას მოიცავდა.
მისივე თქმით, რესტორანი გამორჩეულია ქართული დიზაინის ელემენტებით. სტუმრებს აქ ხვდებათ საქართველოდან ჩამოტანილი 150-წლიანი ქვევრი, ქართული ღვინის ნაირსახეობა და ქართული გასტრონომიის გამორჩეული კერძები. „სახელი სიმბოლურად შევარჩიეთ. „აჯიკა“ იაპონური სიტყვიდან „აჯი“ მოდის, რაც გემოს ნიშნავს. ირიბად რომ ვთარგმნოთ, ჩვენს შემთხვევაში გამოვა, რომ სახელი „გემრიელიას“ ნიშნავს“, - ამბობს აბულაძე.

მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ "აჯიკა" სულ რაღაც ორი კვირაა იაპონიის ბაზარზე გამოჩნდა, რესტორანმა უკვე დაიკავა ქალაქში საკუთარი ადგილი და ნოემბრის ბოლომდე ყოველი დღე დაჯავშნილია.
"ობიექტში, შიდა სივრცეში 42 ადამიანს ვუმასპინძლდებით, ხოლო ტერასაზე 6 ადამიანის განთავსება შეგვიძლია. ამასთან, ჯამში დაახლოებით 6 ადამიანს ვასაქმებთ, ძირითადად ქართველ სტუდენტებს.
ლანჩზე ძირითადი კერძები გვაქვს აჭარული ხაჭაპურის სხვადასხვა ტიპის ვარიაციები, ხოლო სადილზე - ხინკალი, ნიგვზიანი ბადრიჯანი, ქართული გობი ფხლის ასორტით და რა თქმა უნდა, იაპონიაში უკვე საკმაოდ პოპულარული კერძი - შქმერული.... ამ ყველაფერს ჩვენი იაპონელი შეფი ამზადებს, რომელიც "გასტრონომიული და რურალ ტურიზმის ასოციაციის" თანადამფუძნებელმა, დადუნა ღლონტმა გადაამზადა, რომელიც აგვისტოში იყო ჩამოსული", - თქვა მან.

მისივე თქმით, რესტორანი განსაკუთრებულია იმითაც, რომ იაპონიაში პირველად მზადდება ქართული ყველი - იმერული და სულგუნი, რამაც რესტორნისთვის საზღვარგარეთ ქართული გემოების დასმის ზოგადი პრობლემა გადაჭრა.
"ადგილზე ხდება ყველის ამოყვანა. იაპონურ რძის კომპანიასთან ვთანამშრომლობთ, რომელსაც რეცეპტი მივაწოდეთ და ექსკლუზიურად ჩვენთვის მზადდება იმერული ყველი და სულგუნი", - ამბობ გიორგი აბულაძე.
მისივე თქმით, დიდი მოთხოვნაა ქართულ ღვინოზე. : „საწყის ეტაპზე, 4,000 ბოთლი ქართული ღვინო წავიღეთ, თუმცა უკვე ახალი პარტიების დამატება იგეგმება უახლოეს თვეებში. იაპონიაში ქართული ღვინო კარგად არის ცნობილი, ამიტომ მარკეტინგული კამპანია არც დაგვჭირვებია“, - აცხადებს ის და დასძენს, რომ რესტორნის მომხმარებლების 90% ადგილობრივი მოსახლეობა არიან, ხოლო დანარჩენი 10% სხვადასხვა წარმოშობის ექსპატები არიან, რომლებიც იაპონიაში ცხოვრობენ.

აღსანიშნავია, რომ ახალი ობიექტი იაპონურ რესტორნების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ონლაინპლატფორმაზე „ტაბელოგზე“ უკვე წამყვან პოზიციებზეა. უფრო კონკრეტულად, პლატფორმაზე, სადაც დაახლოებით 100 000 რესტორანი არის განთავსებული, აჯიკა მომხმარებლების მიერ ძებნის კრიტერიუმით, 177-ე ადგილზეა წარმოდგენილი.
რაც შეეხება ინვესტიციას, ობიექტის სრულად ასამუშავებლად 400 000 დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. მომავალში კი დამფუძნებლები დამატებით ფილიალების გახსნასა და ქართული სამზარეულოს უფრო სწრაფი სერვისის წერტილების შექმნასაც გეგმავენ.




























