მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რესტორნის შედეგები დაგეგმილს აჭარბებს" - "აჯიკა" ტოკიოში ერთწლიან ოპერირებას აჯამებს

AJIKA

„რესტორნის შედეგები დაგეგმილს აჭარბებს“, - ასე აფასებს ტოკიოში, კაგურაძაკას უბანში მდებარე ქართულ რესტორან „აჯიკას“ თანადამფუძნებელი გიორგი აბულაძე ოპერირების პირველ წელს. BM.GE-სთან საუბრისას ის აღნიშნავს, რომ რესტორანი იაპონელ მომხმარებლებს ქართული სამზარეულოს გაცნობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. როგორც თავად აღნიშნავს, სტუმრების დიდი ნაწილი ქართულ კერძებს პირველად სწორედ „აჯიკაში“ სინჯავენ, დროთა განმავლობაში კი მენიუსა და ქართული ღვინის მიმართ ინტერესიც უფართოვდება.

გიორგი აბულაძის ინფორმაციით, რესტორნის სტუმრების დაახლოებით 85-90% იაპონელია - გასტრონომიით დაინტერესებული ადამიანები, წყვილები და მეგობრების ჯგუფები. მომხმარებლების განმეორებითი ვიზიტების წილის შემთხვევაში კი, მათი მოცულობა დაახლოებით 30%-ს შეადგენს.

„სტუმრების დიდი ნაწილი ქართულ კერძებს პირველად ჩვენთან სინჯავს. ჩვენთვის ეს დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან ხშირად სწორედ ჩვენთან იქმნება მათი პირველი შთაბეჭდილება საქართველოზე. ამიტომ პერსონალი ყოველთვის უხსნის სტუმრებს, როგორ მიირთვან ხინკალი ან აჭარული ხაჭაპური. ქართული ღვინო და ქვევრი იაპონიაში უკვე კარგად იციან ღვინის მოყვარულებმა, ახლა კი ფართო საზოგადოებამაც დაიწყო მისი აღმოჩენა. ყველაზე მოთხოვნად კერძებს შორისაა შქმერული, ხინკალი, აჭარული ხაჭაპური, ბადრიჯანი ნიგვზითა და ფხალი. სასმელებიდან პოპულარულია ქვევრის ქარვისფერი ღვინო, საფერავი და ოჯალეში, ხოლო ჭაჭის მიმართ ინტერესიც იზრდება“, - აცხადებს გიორგი აბულაძე.

აღსანიშნავია, რომ რესტორანი 2025 წლის სექტემბერში, ტოკიოს კაგურაძაკას უბანში 400 000 დოლარის ინვესტიციით გაიხსნა. ამჟამად „აჯიკაში“ 17 ადამიანი მუშაობს, მათ შორის ქართველები, იაპონელები და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები. როგორც გიორგი აბულაძე ამბობს, კომპანია ცდილობს, დასაქმების შესაძლებლობა იაპონიაში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებსაც მისცეს.

ქართული რესტორანი და ღვინის ბარი „აჯიკა“ ტოკიოში, კაგურაძაკას უბანში, 2025 წლის სექტემბერში 400 000 დოლარის ინვესტიციით გაიხსნა. რესტორანი ქართულ კერძებსა და ღვინოს სთავაზობს სტუმრებს. გამორჩეულია იმითაც, რომ იაპონიაში, ადგილობრივ რძის კომპანიასთან თანამშრომლობით, სპეციალურად მისთვის იმერული ყველი და სულგუნი მზადდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები