მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"2020 წლამდე ავტომობილების იმპორტის აკრძალვა ბევრ სერვისს, მათ შორის ტაქსის მომსახურებას გააძვირებს" - ავტოიმპორტიორი

ტაქსი

"რობან მოტორის" დამფუძნებლის, ელგუჯა ჯამაგიძის თქმით, "ქართული ოცნების" მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილთა იმპორტის აკრძალვას ითვალისწინებს, გააძვირებს იმ მომსახურებას, რომელიც ავტომობილზეა დამოკიდებული.

როგორც მან BM.GE-სთან განმარტა, 2019 წლის შემდეგ გამოშვებული ავტომობილების სააუქციონო ღირებულება $9-10 ათასია, საქართველომდე ჩამოყვანის შემდეგ კი ის, რიგ შემთხვევაში, $20 ათასამდეც კი იზრდება, როდესაც მოსახლეობისგან, განსაკუთრებით მომსახურების სფეროში, უფრო დაბალფასიან ავტომობილებზეა მოთხოვნა.

"ეს სფერო (ავტოიმპორტი) აწყობილი სისტემის ერთ-ერთი შემადგენელი რგოლია. თუ ეს გაძვირდება, ყველაფრის გაძვირებას გამოიწვევს. ის მცირე დისტრიბუცია, M1 კატეგორიის ავტომობილით რომელიც გადაადგილდება, პრობლემის წინაშე დადგება, იმიტომ რომ იმის მანქანაც ხომ ცვეთადია, რაც მეტს გადის მანქანა. შესაბამისად, მოუწევს მისი გამოცვლა. $20 ათასიანი მანქანით კი, მოგეხსენებათ, არავინ არიგებს დისტრიბუციას.

ტაქსიც გაძვირდება. ტაქსის პარკში მუდმივად ხდება ავტომობილების ცვალებადობა და საშუალო სეგმენტის ავტომობილების იმპორტს რომ აუქმებენ, აისახება ეს ტაქსებზეც. ეს ავტომობილებიც გამოვლენ ბოლო-ბოლო მწყობრიდან და ხომ უნდა შეცვალონ? და მოგეხსენებათ როგორია, $20 ათასი გადაიხადოს კაცმა, დაჯდეს 5-5 და 10-10 ლარობით აინაზღაუროს? ვეღარ იზამს, გაჩერდება", - ამბობს ელგუჯა ჯამაგიძე.

ავტოიმპორტიორი ავტომობილების ყიდვის ალტერნატიულ ბაზრებსა და იაფ მოდელებსაც შეეხო. როგორც მან აღნიშნა, მათ შორის ჩინური წარმოების ავტომობილები მოიაზრება, რომლებიც ხარისხით დასავლურს კონკურენციას ვერ უწევს.

"ჩინური მანქანები იაფიაო, ხედავთ? მე ჩინურ მანქანას, ამ ეტაპისათვის, არცერთს ახლობელს, არცერთ ნაცნობს არ ვურჩევ. ჩინური მანქანა, რომელიც კარგია, ღირებულია და ჩინელები თვითონ მოიხმარენ, იგივე ევროპულ მანქანების ფასი ღირს. არ გეგონოთ, რომ ძალიან იაფია. ცუდი ხარისხია იაფი.

თავად ჩინელები აღიარებენ, რომ დიდ ქალაქებში, შეძლებულ ქალაქებში, 80% ევროპული და ამერიკული მოდელებით დადიან. რატომ, თუ ჩვენ უნდა გადავიდეთ ჩინურზე?! ის ჩინელი გიჟი არ არის, ძალიან ჭკვიანია", - ამბობს ავტოიმპორტიორი.

ცნობისთვის, 14 თებერვალს ავტოდილერების შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ინდუსტრიის წარმომადგენლებმა 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების იმპორტის აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" მთავრობის დადგენილებასა და მომდევნო ნაბიჯებზე იმსჯელეს. ელგუჯა ჯამაგისძის თქმით, ავტოიმპორტიორები მთავრობასთან კომუნიკაციასა და კონსულტაციებისთვის ღიაა, თუმცა კონკრეტული ნაბიჯები და მოლოდინები, ამ დროისთვის, განსაზღვრული არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები