ავტომობილების განბაჟებისა და იმპორტის ახალი წესების ამოქმედების შემდეგ, საქართველოს ავტობიზნესში ვითარება მკვეთრად გაუარესდა - „რობანი მოტორს ენდ ავტოს“ დამფუძნებლისა და დირექტორის ელგუჯა ჯამაგიძის განცხადებით, მიღებულმა რეგულაციებმა სექტორს უმძიმესი დარტყმა მიაყენა, ხოლო ის მიზნები, რაც ხელისუფლებას ჰქონდა დეკლარირებული - ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და საცობების შემცირება, მიუღწეველი დარჩა.
როგორც ჯამაგიძე BMG-სთან აცხადებს, ახალი შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ ინდივიდუალური მეწარმეებისა და მცირე დილერების დიდმა ნაწილმა საქმიანობა ვეღარ გააგრძელა.
„რეგულაციების შემდგომ ძალიან სავალალო მდგომარეობაში ჩავარდა ავტობიზნესი. ამ საქმეში მომუშავე ბევრი პირი, სადღაც, 30-40% საერთოდ გავარდა ბაზრიდან, რადგან ვერ მოერგნენ რეგულაციებს. წარმოიდგინეთ, რამდენად დაზარალებოდა სექტორი, როდესაც მომწოდებლების ასეთი დიდი ნაწილი ბაზარს ჩამოშორდა,“ - აღნიშნავს ჯამაგიძე BMG-სთან.
მისივე თქმით, ქართველი დილერების ჩანაცვლება უცხოელმა, კერძოდ ცენტრალური აზიის ქვეყნების წარმომადგენლებმა დაიწყეს, ხოლო რუსთავის ავტობაზრობაზე ადგილობრივი მოთამაშეების წილი შემცირდა.
ჯამაგიძის შეფასებით, არასწორი გათვლა იყო 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების შეზღუდვა, რადგან საქართველოს მოსახლეობას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ყოველწლიურად განახლებად მოთხოვნებს ფინანსურად აჰყვეს. თუმცა, შექმნილი კრიზისის საპასუხოდ, ქართველი დილერების ნაწილმა ორიენტაცია ჩინურ ავტომობილებსა და ელექტრომობილებზე გადაიტანა.
„ჩვენ ელექტრომობილებზე გადავერთეთ. თუმცა, კარგი იქნება, თუ მთავრობა ჰიბრიდულ ავტომობილებზეც დაუშვებს გარკვეულ შეღავათებს, რადგან მათში გამონაბოლქვი 50-60%-ით შემცირებულია.
მთლიანობაში კი, რეგულაციამ პრობლემები შექმნა და სიკეთე არ მოიტანა. საქართველოში და უმთავრესად თბილისში, ნახავთ, რომ პრობლემების წინაშეა - იგივე საცობები, იგივე ეკოლოგია. ვფიქრობ, ნებისმიერი გადაწყვეტილება მორგებული უნდა იყოს საზოგადოების კეთილდღეობაზე. გამოდის, რომ საქმესაც ვაფუჭებთ და ვერც კეთილდღეობას ვქმნით“ - აცხადებს ჯამაგიძე.
მისივე შეფასებით, ავტობიზნესი ძალიან მგრძნობიარე სექტორია: „მის აწყობას შეიძლება, 3 წელი დასჭირდეს, დანგრევას კი - 2 საათი. ახალ მოდელზე გადაწყობა რთულია. ნებისმიერი გადაწყვეტილება საზოგადოების რეალურ კეთილდღეობაზე უნდა იყოს მორგებული და არა მხოლოდ ფორმალურ განცხადებებზე. დღეს კი ისეთი სურათია, რომ საქმეც ფუჭდება და ვერც კეთილდღეობას ვქმნით“ - აცხადებს ჯამაგიძე.
2026 წლის 1 აპრილიდან ავტომობილების აქციზი გაძვირდა და განაკვეთი 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილებისთვის ძრავის მოცულობის 1 სმ3-ზე 1.5 ლარის ოდენობით განისაზღვრა, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის - 1 სმ3-ზე 4.5 ლარის ოდენობით.
























