სამართლისა და საჯარო პოლიტიკის ცენტრი აქვეყნებს კვლევას საქართველოს სასამართლო სისტემის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. კვლევის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებების ელექტრონულ პორტალზე - ecd.court.ge-ზე განაჩენები 2020 წლის აპრილის შემდეგ აღარ გამოქვეყნებულა, რაც კანონის დარღვევას წარმოადგენს.
ამასთნ ორგანიზაციის კვლევის თანახმად, მთლიანობაში ქართული სასამართლო სათანადოდ ვერ იყენებს ახალ ტექნოლოგიებს, როგორც ეფექტიანობის გაუმჯობესების, ასევე გამჭვირვალობის ზრდის ამოცანების შესასრულებლად.
“ecd.court.ge პორტალზე გამოქვეყნებულია მხოლოდ 2018 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 30 აპრილამდე მიღებული გადაწყვეტილებები. 2020 წლის 30 აპრილის შემდეგ ამ სისტემაში არცერთი გადაწყვეტილება არ არის გამოქვეყნებული, რაც კანონმდებლობის დარღვევაა, რადგან „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი 2017 წლიდან ითვალისწინებს ღია სხდომაზე საქმის არსებითი განხილვის შედეგად მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების გამოქვეყნებას.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში 2023 წლის 13 ივნისს შეტანილი ცვლილება, რომელიც 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა, მნიშვნელოვან დაბრკოლებას ქმნის სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის კუთხით, რადგან ისინი საჯარო ინფორმაციის სახით გაიცემა და გამოქვეყნდება შესაბამის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
კვლევის პროცესში თბილისის საქალაქო სასამართლოდან გადაწყვეტილების მიღების კუთხით მნიშვნელოვანი გამოწვევა გამოიკვეთა. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის პასუხად, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ გასცა დადგენილება, რომლითაც დაკმაყოფილდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საჩივარი და გაუქმდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის 2022 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე განცხადებაში მითითებული იყო დადგენილების თარიღი და ნომერი, მიღებული პასუხის თანახმად, „მოთხოვნილი სახით/სახის ინფორმაციის, სასამართლო გადაწყვეტილებების (დადგენილებების) დამუშავება თბილისის საქალაქო სასამართლოში არ ხორციელდება.” გარდა ამისა, სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან ან სხვა პირად საკითხებთან, არავისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე,”- ნათქვამია სამართლისა და საჯარო პოლიტიკის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.