"ცალკეულ შემთხვევებში, შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაცია არ არის სრულყოფილი და სრულად ვერ სცემს პასუხს დაინტერესებული პირის მოთხოვნას," - ამის შესახებ კვლევაშია ნათქვამი, რომელიც “სამართლისა და საჯარო პოლიტიკის ცენტრმა” “ღია საზოგადოების ფონდის” მხარდაჭერით ჩაატარა. კვლევაში, რომელიც შრომის ინსპექციის სამსახურის გამჭვირვალობას აფასებს, ნათქვამია, რომ შრომის ინსპექციის სამსახური დროულად არ გასცემს საწარმოო უბედურ შემთხვევებთან დაკავშირებით ჩატარებული მოკვლევის მასალებს.
აღნიშნულ საკითხზე "საქმიან დილაში" სამართლისა და საჯარო პოლიტიკის ცენტრის ხელმძღვანელის ქეთევან კუკავა საუბრობს და ამბობს, რომ შრომის ინსპექციის ღიაობის კვლევა საზოგადოების მხრიდან უწყების საქმიანობის ეფექტურ კონტროლს შეუწყობს ხელს.
„გამჭვირვალობის და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მხრივ ჩვენს ქვეყანაში სერიოზული გამოწვევებია და ამაზე ბევრი ორგანიზაცია საუბრობს. ჩვენი მიზანი იყო, შეგვესწავლა შრომის ინსპექციის სამსახურის ღიაობა. მათი გამჭვირვალობა ხელს შეუწყობს საზოგადოების მხრიდან უწყების საქმიანობის ეფექტურ კონტროლს, ამავე დროს ეს გარკვეულწილად დამსაქმებლების პასუხისმგებლიანი ქცევის დამკვიდრებას უზრუნველყოფს.
ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ არსებობს სერიოზული გამოწვევები როგორც საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით, ისე პროაქტიურად გამოქვეყნების კუთხითაც. ჩვენ მივმართეთ და მოვითხოვეთ 2023 წელს განხორციელებული ინსპექციების მასალები, ობიექტების ჩამონათვალი, თუმცა მივიღეთ პასუხი რომ დამუშავების ეტაპზეა და ვერ გასცემენ. ჩვენ გავესაუბრეთ სხვა შრომით უფლებებზე მომუშავე პირებსაც და მათაც იგივე პრობლემა აქვთ. ეს განსაკუთრებით საგანგაშოა როდესაც საქმე საწარმოო უბედურ შემთხვევებს ეხება, როცა დროულად მიწოდებს აქვს დიდი მნიშვნელობა. მათი თქმით, მხოლოდ წლიური ანგარიშის გასაჯაროების შემდეგ იქნება ხელმისაწვდომი. ეს ქვეყნდება წლის დასრულებიდან 6თვის ვადაში, რაც ძალიან დიდი დროა", - განმარტავს ქეთევან კუკავა.
მისი ინფორმაციით, უწყებამ 2021-2023წწ-ში დასაქმებულებისთვის გაცემული ხელფასებისა და დანამატების შესახებ ინფორმაცია არ გასცა. სამართლისა და საჯარო პოლიტიკის ცენტრის ხელმძღვანელი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შრომის ინსპექციის მიმართ გაწერილ რეკომენდაციებზე საუბრობს.
"მოვითხოვეთ 2021-2023 წწ-ში თანამდებობის პირებზე და თანამშრომლებზე გაცემული სარგოებისა და დანამატების შესახებ ინფორმაცია და ამაზეც გვიპასუხეს, რომ ეს ინფორმაციაც მუშავდება. მაშინ როცა არსებობს მთავრობის დადგენილება, რომელიც განსაზღვრავს პროაქტიურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხას. კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს კვარტალის დასრულებიდან 1 თვის თავზე. როცა უწყებას ამ მოთხოვნით მივმართეთ, წესით, მათ ეს ინფორმაცია დამუშავებული უნდა ჰქონოდათ, თუმცა როგორც აღვნიშნე, ინფორმაციის გაცემაზე უარი გვითხრეს.
მიღებული შედეგებიდან გამომდინარე, ჩვენი რეკომენდაციაა, შრომის ინსპექციის სამსახურმა შეიმუშაოს გარკვეული მექანიზმები, რათა საქმის წარმოების მასალები დროულად დაამუშაოს და დაინტერესებულ პირებს დაუბრკოლებლად მიაწოდოს. ასევე, მათ უნდა შეასრულონ მთავრობის დადგენილება და თავად შრომის ინსპექციის ბრძანებით გათვალისწინებული ვალდებულება და საჯარო ინფორმაცია სრულყოფილად, ვადების დაცვით გამოაქვეყნოს. საზოგადოების ნდობის გასაზრდელად აუცილებელია უწყებაში შესაბამისი ზომები მიიღონ“, - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში ქეთევან კუკავამ.