მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელი ახალგაზრდა ტურისტების და ბიზნესმოგზაურების წელი იქნება - "შუხმან ჯგუფი"

5ebbf0c6bf813
ვიქტორია მღებრიშვილი
13.05.20 17:29
2104
„შუხმან ჯგუფი“ რომელიც კახეთში შატოსა და ღვინის სოფელს მართავს, ტურისტების მოლოდინშია. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ნუცა აბრამიშვილი BM.GE-სთან საუბრისას აცხადებს, რომ „2020 წელი ახალგაზრდა ტურისტების და ბიზნესმოგზაურების წელი იქნება“ და მიიჩნევს, რომ საქართველოში შექმნილი ეპიდსიტუაცია დამატებით ბენეფიტებს მოუტანს ქვეყანას საერთაშორისო ბაზარზე.

მისი თქმით, ტურისტული სეზონის გახსნის დაანონსებისთანავე გაატიურდა ადგილობრივი ბაზარი, თუმცა ეს არ იქნება იმ მასშტაბების, როგორიც პანდემიამდე იყო.

„ადგილობრივი ბაზრიდან ჩვენთან დასვენების მოთხოვნით აქტივობა გაზრდილია, პირველ ეტაპზე ვფიქრობ, რომ ზომიერი რაოდენობის სტუმრები გვეყოლება, ეს არ იქნება ძალიან დიდი ნაკადები, იმიტომ, რომ არის ფსიქოლოგიური ფაქტორიც. ერთის მხრივ, შეიძლება ეკონომიკა გაიხსნა, მაგრამ მეორეს მხრივ, ძალიან არ უნდა გავთამამდეთ“, - აცხადებს ნუცა აბრამიშვილი.

„შუხმან ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი „უსაფრთხო კორიდორების“ მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ყველაფრის გათვალისწინებით საერთაშორისო მოგზაურთა ასაკი გაახალგაზრდავდება.

„საზღვრების გახსნას რაც შეეხება, აქ ძალიან მაინტერესებს, როგორ „უსაფრთხო კორიდორს“ შემოგვთავაზებს მთავრობა. ეს ძალიან დელიკატური საკითხია. თუმცა, როგორი უსაფრთხო კორიდორიც არ უნდა არსებობდეს, ჩემი აზრით, ზომიერი ტურისტების ნაკადები გვექნება და ტურისტების ასაკი იქნება გაახალგაზრდავებული. 2020 წელი იქნება ახალგაზრდა ტურისტების და ბიზნესმოგზაურების წელი. იმიტომ, რომ ბიზნესმენებმა თავისი საქმეები არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე გადადეს და ეს მიმართულება კვლავ გააქტიურდება“, - ამბობს ნუცა აბრამიშვილი.

მისივე შეფასებით, კომპანია ტრადიციულ ბაზრებზე აქტივობას შეინარჩუნებს, თუმცა ევროპის აქტიური ტურისტული მიმართულებების დროებითი პარალიზების ფონზე, გაჩნდება შესაძლებლობა, რომ ქვეყანამ ახალი ნაკადები მოიზიდოს.

„ბაზრები იგივე შენარჩუნდება, საიდანაც ჩვენ ადრე გვყავდა სტუმრები. ეს არის პოლონეთი, პოსტსაბჭოთა ქვეყნები, აშშ, ევროპა და აზიაც. მაგრამ 2021 წლამდე ესპანეთმა და იტალიამ ტურისტებისთვის კარი ჩაკეტა, შესაბამისად შეგვიძლია გამოვთქვათ საფუძვლიანი ვარაუდი იმის, რომ საქართველომ შესაძლოა მოიზიდოს რაღაცა პროპორციით ის სტუმარი, რომელიც უნდა ჩასულიყო ევროპაში. არის ამის თეორიული შანსი, რომ ეს ტურისტები ჩვენსკენ გადმომისამართდნენ“, - აცხადებს ნუცა აბრამიშვილი.

„შუხმან ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ჯერჯერობით ამ ეტაპზე ამ მხრივ აქტივობა არ არის, თუმცა ნუცა აბრამიშვილი იმედოვნებს, რომ ქვეყნის მიერ საერთაშორისო ტურიზმის გახსნის შესახებ ინფორმაციების გაშვებამ შესაძლოა ბევრ ტურისტს საქართველოში ჩამოსვლა გადააწყვეტინოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები