საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული დაზუსტებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წელს 572.0 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მონაცემებზე 57.2%-ით ნაკლებია. დაზუსტებული რიცხვი 2020 წლის წინასწარ მონაცემებზე 7.3%-ით ნაკლებია (616.9 მლნ დოლარი).
საქსტატში განმარტავენ, რომ შემცირების უმთავრესი მიზეზი რამდენიმე საწარმოს საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში გადასვლაა, რამაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 283.0 მლნ. აშშ დოლარით შეამცირა.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2020 წელს კომპონენტების მიხედვით ასე გამოიყურებოდა: სააქციო კაპიტალი - 28.7 მლნ დოლარი, რეინვესტიცია - 500.5 მლნ დოლარი, სავალო ვალდებულებები - 42.8 მლნ დოლარი.
შეგახსენებთ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლების ტედენცია 2021 წლის პირველ კვარტალშიც გაგრძელდა. წინასწარი მონაცემებით, საქართველოში პირველ კვარტალში FDI-ის სახით მხოლოდ $125.4 მილიონი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 28.3%-ით ნაკლებია.




























