მიმდინარე წლის III კვარტალში საქართველოში შემოსული 197.7 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციიდან 60 მილიონი დოლარი ნიდერლანდებზე მოდის. ამგვარად ევროკავშირის წევრი ქვეყანა ინვესტორი ქვეყნების რეიტინგში მესამე კვარტალში პირველ ადგილს იკავებს.
2023 წლის მესამე კვარტალთან შედარებით, წელს ნიდერლანდური პირდაპირი ინვესტიციების შემოდინება ქვეყანაში მცირედ თითქმის 6 მილიონი დოლარით გაიზარდა.
BM.GE-მ საქსტატიდან იმ სექტორებისა და კომპანიების ჩამონათვალი გამოითხოვა, სადაც ყველაზე მეტი ნიდერლანდური ინვესტიცია ჩაიდო. ოფიციალური მონაცემებით, ივლის-აგვისტო-სექტემბერში ყველაზე დიდი ინვესტიცია ნიდერლანდებიდან დამმუშავებელ მრეწველობაში განხორციელდა. დარგების რეიტინგი კი ასეთია:
- დამმუშავებელი მრეწველობა - $36.8 მლნ;
- ენერგეტიკა - $9.4 მლნ;
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - $6.1 მლნ;
- ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურებები - $4.7 მლნ;
- უძრავი ქონების სექტორი - $1.9 მლნ;
- ვაჭრობის სექტორი - $1.3 მლნ;
- ტრანსპორტი და დასაწყობება - $423 ათასი;
- ინფორმაცია და კომუნიკაცია - $268 ათასი;
- მშენებლობა - $87 ათასი;
დანარჩენი სექტორებში ინვესტიციები გადინების დინამიკით ხასიათდება და -$1.1 მილიონია.
რაც შეეხება კომპანიების, სადაც ყველაზე მეტი ნიდერლანდური პირდაპირი ინვესტიცია ჩაიდო, TOP-10 ინვესტორი კომპანია ასეთია:
- სს თელასი;
- სს სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენ;
- აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი;
- შპს ქარვასლა;
- სს ლომისი;
- სს ხრამჰესი II;
- შპს ქართული ცემენტი;
- შპს რუსთავის ფოლადი;
- შპს აიჯითი ჯორჯია გეიმინგი;
- შპს თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია.
შენიშვნა: საწარმოები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.
9 თვეში საქართველოში ნიდერლანდებიდან 115 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო, რაც წლიურად შემცირებული მაჩვენებელია. 2023 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყნის ეკონომიკაში 387.7 მილიონი დოლარის ნიდერლანდური ინვესტიცია ჩაიდო.
2024 წლის III კვარტალში საქართველოში სულ 198 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 55%-ით ნაკლებია. ხოლო მთლიანად 2024 წლის 9 თვეში FDI 966 მილიონი დოლარი იყო, რაც წლიურად 40%-ით არის შემცირებული.