გასულ კვირას ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოში FDI-ს ზრდის დინამიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წელს ქვეყანაში რეკორდულად მაღალი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რომელთა ჯამურმა მოცულობამ 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ვიცე-პრემიერის თქმით, ეს მაჩვენებელი ცხადყოფს, რომ ქვეყანა თვისობრივად სხვანაირი ხდება და მაღალშემოსავლიანი ქვეყნების ჯგუფში გადადის.
დავითაშვილის ამ განცხადებას BMGtv-ის გადაცემა "ანალიტიკა"-ში ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიუხედავად FDI-ს ზრდის დადებითი დინამიკისა, საქართველოს მაღალშემოსავლიანი ქვეყნების ჯგუფში გადასვლა, არარეალური შეფასებაა.
"ზრდა არის ნამდვილად და ეს უდავოდ კარგი ამბავია. წინა წლებში, კოვიდის დროს და კოვიდამდე, სულ ჩავარდნა გვქონდა. პრაქტიკულად ახალი ინვესტიციები არ შემოდიოდა, სულ რეინვესტირება იყო. თუმცა შარშან რაღაცები შეიცვალა, ნამდვილად შემოვიდნენ ინვესტორები. მაგალითად GWP-ს შემთხვევა, როდესაც ესპანელი ინვესტორები შემოვიდნენ, ეს ნამდვილად ახალი პირდაპირი ინვესტიცია იყო. გასულ წელს პირველად გადააჭარბა FDI-მ 2 მილიარდს ისტორიაში და ეს ასეც უნდა იყოს. სულ უნდა ვიზრდებოდეთ. დავითაშვილის განცხადება იყო ფრთხილი და მოზომილი, ღარიბაშვილის განცხადებებისგან განსხვავებით, რომელიც რიცხვებს "არახუნებს" 8 000, 10 000 და ა.შ. ეკონომიკა ასე არ იზომება. შეიძლება ერთ მოსახლეზე მშპ-მა 8 000 დოლარს მიაღწიოს, მაგრამ ის 8 000 დოლარი არ იყოს ისეთი, როგორიც ახლაა. სინამდვილეში მაღალშემოსავლიანი ქვეყნებისა და აყვავებული ეკონომიკისგან ძალიან შორს ვართ", - აცხადებს ბერიკაშვილი.
სოსო ბერიკაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ FDI-ში დიდი წილი კვლავ რეინვესტირებაზე მოდის, რაც არასახარბიელო მოცემულობაა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ისეთი ეკონომიკის მქონე ქვეყანამ, როგორიც საქართველოა, ახალი ინვესტიციების მოზიდვისთვის აქტიურად იმუშაოს.
"წლევანდელ ინვესტიციებში ვხედავთ, რომ 83,5% ისევ რეინვესტირებაა. ეს რეინვესტირება ცუდი არ არის, რადგან ვხედავთ, რომ არსებული ინვესტიციები კარგია და მუშაობს. მაგრამ გვჭირდება ახალი ინვესტიციები, ჩვენნაირი ეკონომიკისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ახალი ინვესტიციები შემდეგ ახალ მოგებას დაწერს და ასე უნდა გაიზარდოს ქვეყანა", - აღნიშნავს ეკონომისტი.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის აპრილ-ივნისში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წლიურად 29.9%-ით გაიზარდა და 505.7 მლნ დოლარი შეადგინა. წინასწარი მონაცემებით, FDI-ს უდიდესი წილი - 83.5% ამ პერიოდისთვის რეინვესტიციაზე მოდის, რომლის მოცულობა 422.5 მლნ დოლარია. სექტორების მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა, მეორე ადგილი ენერგეტიკის, მესამე კი დამმუშავებელი მრეწველობის სექტორებმა დაიკავეს.