მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი სტრატეგია უნდა ჰქონდეს საქართველოს FDI-ს მოზიდვისთვის? - მოსაზრება

ინვესტიცია

მიმდინარე წლის აპრილ-ივნისში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წლიურად 29.9%-ით გაიზარდა და 505.7 მლნ დოლარი შეადგინა. წინასწარი მონაცემებით, FDI-ს უდიდესი წილი - 83.5% ამ პერიოდისთვის რეინვესტიციაზე მოდის, რომლის მოცულობა 422.5 მლნ დოლარია.

რა აფერხებს საქართველოში ახალი ინვესტიციების შემოდინებას და რა სტრატეგია უნდა ჰქონდეს ქვეყანას რაც შეიძლება მეტი ინვესტიციის მოსაზიდად - ამ საკითხთან დაკავშირებით ეკონომისტმა სოსო ბერიკაშვილმა BMGtv-ს გადაცემა "ანალიტიკა"-ში ისაუბრა.

ეკონომისტმა ქვეყანაში ახალი ინვესტიციების შემაფერხებელი რამდენიმე ფაქტორი გამოყო, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს არ არსებობა, საკრედიტო და საინვესტიციო რეიტინგის დონე და რუსეთის ეკონომიკური გავლენა.

"საქართველოს აქვს ბევრი პლუსი ინვესტორისთვის. მაგალითად, გადასახადები არის შედარებით დაბალი, ბიუროკრატიული ბარიერებიც ასე თუ ისე დაბალია და მარტივია ტექნიკური რაღაცები. თუმცა მთავარი პრობლემა ინვესტორებისთვის ისევ მასშტაბური და გლობალურია - ქვეყანაში არ არსებობს სასამართლო. სულ გვესმის არბიტრაჟები, პრობლემები…ასევე, უნდა ვიმუშაოთ ჩვენი საინვესტიციო ან საკრედიტო რეიტინგების გამოსწორებაზე, თუმცა მათი გამოსწორებაც ასევე სასამართლოსთან და გარემოსთან არის დაკავშირებული. არასტაბილური პოლიტიკური გარემო, რუსეთის მეზობლობა და მისი უზარმაზარი ეკონომიკური გავლენა ჩვენზე. მართალია, რუსეთის მეზობლობას მარტივად ვერ შევცვლით, მაგრამ მის ეკონომიკურ გავლენებზე რაღაც რეაქცია რომ გვქონდეს ეგ ნამდვილად შეგვიძლია, თუმცა არ ვაკეთებთ. არ ვამბობ, რომ იქიდან ფული და ინვესტიცია არ უნდა შემოვუშვათ, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ, მტრული ქვეყანაა", - ამბობს ბერიკაშვილი.

ეკონომისტი მიიჩნევს, რომ ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი და სტაბილური განვითარებისთვის პორტფელები შედარებით ნაკლებრისკიანი უნდა იყოს.

"არის რაღაცები, რაც განვითარებულია. მაგალითად, საბანკო სექტორი რომ განვითარებულია ეგ კარგია ინვესტორისთვის, რადგან კომფორტულია. მეორე მხრივ რისკები მაღალია, შესაბამისად სესხებზეც პროცენტები მაღალია, თუმცა ამონაგები მათთვისაც პოტენციურად მაღალია. მდგრადი და სტაბილური განვითარებისთვის რაც უფრო ნაკლებრისკიანი იქნება პორტფელები შეიძლება უკეთესი იყოს. მართალია, ამ შემთხვევაში პოტენციურ ინვესტორს ნაკლები მოგების მიღების შესაძლებლობა ექნება, თუმცა ეს მოგება სტაბილური იქნება. არასტაბილურობა პრობლემაა იმ კუთხითაც, რომ ის ინვესტორები, რომლებიც შემოდიან უფრო რისკიანები არიან და ზოგ შემთხვევაში ავანტიურისტები, რაც მდგრადი განვითარებისთვის ასევე პრობლემაა", - განაცხადა სოსო ბერიკაშვილმა.

სოსო ბერიკაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებისთვის მნიშვნელოვანია ინვესტორებთან სწორი კომუნიკაცია.

კომუნიკაცია უნდა იყოს ხშირად. იგივე "ნამახვანჰესის" შემთხვევაში, შეიძლება ბევრი პრობლემა ჰქონდა "ენკას", თუმცა მთავარი მაინც კომუნიკაციის ნაკლებობა იყო. ვიცით, რომ სასამართლო არ გვაქვს და სანამ არბიტრაჟში წავალთ და ჩხუბს დავიწყებთ, უნდა ვილაპარაკოთ", - ამბობს ეკონომისტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები