მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთში FDI-ს მაჩვენებელი დაეცა - რატომ?

ჩინეთი

ჩინეთის ეკონომიკა 21-ე საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე მზარდია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 18.5 ტრილიონი დოლარით, ჩინეთის ეკონომიკა აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორეა და ის გლობალური ეკონომიკის 18%-ზე მეტს აკონტროლებს. თუმცა, ამ რიცხვების მიუხედავად, ბოლო პერიოდის შედეგები ცხადყოფს, რომ ჩინეთი ვეღარ ახერხებს ახალი ინვესტორების მოზიდვას და ქვეყანაში აქტიური ინვესტორების რიცხვიც მცირდება.

პატერსონის საერთაშორისო ეკონომიკის ინსტიტუტის მონაცემების თანახმად, ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩინეთში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შედინების თვალსაზრისით მკვეთრი დაღმასვლა შეინიშნება. 2022 წელს ქვეყანაში FDI-ს მაჩვენებელმა 48%-ით იკლო და 344-დან 180 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. 2023 წლის სამი კვარტლის შედეგებით კი აშკარაა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მრავალწლიან მინიმუმამდე დაეცა. გასულ წელს FDI-ს მაჩვენებელმა 15 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 92%-ით ნაკლები მაჩვენებელია.

კითხვას, თუ რატომ კარგავენ საერთაშორისო ინვესტორები და კომპანიები მსოფლიოს მეორე ეკონომიკისადმი ნდობას - რამდენიმე პასუხი აქვს. ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების უმთავრესი მიზეზი ჩინეთსა და დასავლეთს შორის გეოპოლიტიკური ურთიერთობების გაუარესებაა. ეს მოცემულობა კი, დასავლურ კომპანიებს ბაზრების დივერსიფიკაციასა და ჩინეთის ბაზარზე დამოკიდებულების შემცირებისკენ უბიძგებს.

ჩინეთში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების მიზეზებზე საუბრისას, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ჩინეთის უძრავი ქონების სექტორი ფაქტობრივად კოლაფსის ზღვარზეა. ქვეყნის უმსხვილესი სამშენებლო-დეველოპერული კომპანია Evergrande გადახდისუუნაროა, მის მიერ ობლიგაციებზე დეფოლტის გამოცხადება კი უძრავი ქონების სექტორში არსებულ ვითარებას კიდევ უფრო მეტად ამწვავებს.

ინვესტიციების შემცირების და ქვეყნიდან კაპიტალის გატანის კიდევ ერთი მიზეზი შესაძლოა, საპროცენტო განაკვეთებს შორის დიდი სხვაობა იყოს. ჩინეთში საპროცენტო განაკვეთი დასავლეთის ქვეყნებთან შედარებით საკმაოდ დაბალია. ინვესტორები კი, რომლებიც მზად არიან ფულადი კაპიტალი დააბანდონ, ამას იმ ქვეყანაში გააკეთებენ სადაც უფრო მაღალი პოტენციური სარგებელია.

მ ყველაფერთან ერთად, ხაზგასასმელი ფაქტორია ისიც, რომ ბოლო პერიოდში ჩინეთში წარმოების აქტივობა მოსალოდნელზე მეტად არის შესუსტებული. მიუხედავად დადებითი ნიშნებისა, რაც ძირითადად ქვეყნის ეკონომიკის საშუალოდ 5%-იან ზრდას უკავშირდება, თუკი ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები არ მოგვარდება, უახლოეს მომავალში ჩვენ არა მხოლოდ FDI-ის შემცირებაზე, არამედ პოტენციურად ქვეყნის ეკონომიკური კრიზისის დადგომის რისკებზე ვისაუბრებთ, რადგან ზოგიერთი მიმართულებით, განსაკუთრებით კი უძრავი ქონების ბაზრის თვალსაზრისით, 2008 წლის კრიზისის ნიშნები უკვე შესამჩნევია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები