პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქვეყნისთვის ეკონომიკური ზრდის მიღწევის ერთ-ერთი გზაა. FDI ქვეყანაში ზრდის კაპიტალს, რაც უფრო მაღალ მწარმოებლურობასა და დასაქმების მაღალ დონეს უზრუნველყოფს. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განვითარებად ქვეყნებს ასევე საშუალებას აძლევს გაეცნონ და გამოიყენონ უახლესი ტექნოლოგიები, რომელიც განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში იწარმოება და გამოიყენება.
21-ე საუკუნის გლობალიზაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფენომენი, რომელიც განპირობებულია მრავალეროვნული კორპორაციების აღზევებითა და საინვესტიციო ბარიერების მოხსნით, არის უცხოური კაპიტალის უზარმაზარი ტრანსსასაზღვრო ნაკადი.
მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, ის ქვეყანა, სადაც 2012-2022 წლებში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა აშშ-ია. 2012 წელს ქვეყანამ 250 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მიიზიდა, 2022 წელს კი ეს მაჩვენებელი 388 მილიარდამდე გაზარდა.
რეიტინგში მეორე ადგილზე ხვდება ჩინეთი. თუმცა, აშშ-სგან განსხვავებით აქ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობა ზრდის ნაცვლად შემცირდა. თუკი 2012 წელს ჩინეთში 241 მილიარდი დოლარის FDI განხორციელდა, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 180 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.
ათწლიან პერიოდში საინტერესოდ შეიცვალა მესამე ადგილოსანი ქვეყანაც. 2012 წელს ამ ადგილს FDI-ს 239 მილიარდიანი მაჩვენებლით ნიდერლანდები იკავებდა, გასულ წლის მონაცემებით კი, ამ პოზიციას სინგაპური იკავებს. ქვეყანა, რომელიც 2012 წელს რეიტინგის ათეულში საერთოდ არ პოზიციონირებდა, გასულ წელს მიღებული 140 მილიარდი პირდაპირი უცხოური ინვესტიციით მოწინავე პოზიციაზე აღმოჩნდა.
რაც შეეხება რეიტინგში მეოთხე და მეხუთე პოზიციებს, 2012 წელს ამ პოზიციებს ბრაზილია და ჰონგ კონგი ფლობდნენ, დღეს კი მათ ჰონგ კონგი და საფრანგეთი ინაწილებენ. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთი, სინგაპურის მსგავსად 2012 წელს რეიტინგში წარმოდგენილი არ იყო. დღეს კი, მისი მე-5 ადგილზე პოზიციონირება 2022 წელს ქვეყანაში შესულმა 105 მილიარდი დოლარის პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციამ განაპირობა.
იმ ქვეყნებს რეიტინგში, სადაც ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, ათწლიან ჭრილში სხვა პოზიციებზეც კარდინალური ცვლილება შეინიშნება.
კვიპროსი, გერმანია, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები და ირლანდია - 2012 წელს რეიტინგში მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 პოზიციებს ინაწილებდნენ. დღეს კი, როგორც ჩანს FDI-სთვის მიმზიდველი არც ერთი მათგანი აღარ არის. 2022 წელს, აღნიშნულ პოზიციებს ბრაზილია, ავსტრალია, კანადა და შვედეთი იკავებს.
2022 წელს ამ ქვეყნებში შესული პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ასეთია:
ბრაზილია - 91.50 მილიარდი დოლარი
ავსტრალია - 67.12 მილიარდი დოლარი
კანადა - 53.71 მილიარდი დოლარი
შვედეთი - 50.45 მილიარდი დოლარი
რაც შეეხება მეათე ადგილს, 2012 წელს 57 მილიარდი პირდაპირი უცხოური ინვესტიციით მას ავსტრალია იკავებდა, რომელმაც დროთა განმავლობაში პოზიციის გაუმჯობესება შეძლო, მის ადგილას კი, ახალი წევრი გამოჩნდა. ინდოეთი, რომელიც 2012 წელს ათეულის მიღმა იყო, გასულ წელს მიღებული 49 მილიარდი დოლარი FDI-ს მაჩვენებლით, მეათე ქვეყანა გახდა, სადაც ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.