ზედიზედ მეხუთე წელია, რაც საფრანგეთმა გერმანიასა და დიდ ბრიტანეთს აჯობა და ევროპაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიზიდვის ცენტრი გახდა. Ernst & Young-ის კვლევის თანახმად, გასულ წელს, მხოლოდ უცხოური ინვესტიციებიდან მიღებული თანხით ქვეყანაში 1 194 პროექტი დაფინანსდა. მართალია, 2022 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 5%-ით არის შემცირებული, თუმცა, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, შედეგი ცალსახად უკეთესია.
შედარებისთვის, 2023 წელს საფრანგეთის მთავარ კონკურენტ ქვეყნებში: დიდ ბრიტანეთში პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით 985 პროექტი დაფინანსდა, გერმანიაში კი, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალია და 733-ს შეადგენს. ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს შექმნის მიუხედავად, 2022 წელს დიდ ბრიტანეთში პოლიტიკურმა არასტაბილურობამ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 6%-იანი ვარდნა გამოიწვია. მართალია, გასული წლის მონაცემებით შედეგები გაუმჯობესდა, თუმცა ცალსახაა, რომ ბრიტანეთში საინვესტიციო პროექტების რაოდენობა Brexit-მდე ნიშნულს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.
გერმანიის შემთხვევაში კი, ერთწლიან პერიოდში საინვესტიციო პროექტების რაოდენობა 12%-ით არის შემცირებული.
საერთო ჯამში, ამ სამ ქვეყანაზე ევროპის მასშტაბით მიზიდული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 51%-ზე მეტი მოდის.
რატომ არის საფრანგეთი დღეს ევროპაში საინვესტიციო მაგნიტი? - მიზეზების განმარტებისას EY-ის კვლევაში ყურადღება ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულ თანმიმდევრულ რეფორმებზე მახვილდება. სხვადასხვა რეგულაციებთან ერთად, აღსანიშნავია ცვლილებები შრომის კანონმდებლობაში და 2019 წელს PACTE კანონის შემოღება, რისი ამოქმედების შემდეგაც ქვეყანაში კომპანიების დაფუძნების პროცესი მეტად გამარტივდა.
საფრანგეთის საინვესტიციო მიმზიდველობის დეტალებზე საუბრისას, ანალიტიკოსები ყურადღებას ქვეყნის გამართულ ინფრასტრუქტურასა და პრო-ბიზნესური გარემოს შექმნაზე ამახვილებენ. ხაზგასმულია ისიც, რომ მიუხედავად ადმინისტრაციულ სისტემაში არსებული გარკვეული სირთულეებისა, საფრანგეთის სამართლებრივი და მარეგულირებელი გარემო ინვესტორებისთვის მნიშვნელოვან პრობლემას აღარ წარმოადგენს.
ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროს სამოქმედო გეგმაში ფართომასშტაბიანი საინვესტიციო პროექტების შექმნა და ბიზნეს პროცესების კიდევ უფრო გამარტივება და უმუშევრობის დონის შესამცირებლად სხვადასხვა რეფორმის გატარება უკვე გაწერილია.