მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელს "საქართველოს ფოსტის" საოპერაციო მოგება 7 მლნ ლარი იყო - ლევან ჩიკვაიძე

6023c088abd7e
ვიქტორია მღებრიშვილი
10.02.21 15:46
1374
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს ფოსტამ” 2020 წელს ფოსტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გამართა, სადაც აღინიშნა, რომ “საქართველოს ფოსტა” 2020 წელს 2 524 201 საცალო მომხმარებელს და 3 000-მდე კორპორატიული კლიენტს მოემსახურა.

"საქართველოს ფოსტის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 2019 წელთან შედარებით, საქართველოდან გაგზავნილი გზავნილების რაოდენობა სახმელეთო ამანათის ხარჯზე გაიზარდა და 2020 წელს სახმელეთო ამანათების იმპორტმა - 3 000 000 კგ, ხოლო ექსპორტმა 286 000 კგ შეადგინა, თუმცა არც პრეზენტაციისას და არც ფოსტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ იყოს საუბარი ფინანსურ მაჩვენებლებზე.

"საქართველოს ფოსტის" 2020 წლის ანგარიშის წარდგენის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე BM.GE-იმ საქართველოს ფოსტის გენერალურ დირექტორ ლევან ჩიკვაიძეს ჰკითხა, როგორია კომპანიის ფინანსური მაჩვენებელი და წელს პანდემიის გავლენით ხომ არ იზარალა ფოსტამ ისე, როგორც ეს გასულ წლებში ხდებოდა.

„როდესაც ვამბობთ, რომ გასულ წლებში ფოსტა ზარალიანი იყო, ვერ დავეთანხმები ამ აზრს, რადგან "საქართველოს ფოსტა" უნივერსალურ საფოსტო მომსახურებას ასრულებს, რომლის ღირებულებაც აუდირებული დასკვნის მიხედვით, გახლავთ 5 მლნ ლარი ანუ საქართველოს ფოსტა იგებდა ამ 5 მლნ-ს და აფინანსებდა უნივერსალურ საფოსტო მომსახურებას. ეს ჯამურ ბალანსში 5 მლნ-ზე დაბალი შემოსავლის შემთხვევაში, შეიძლება, ჩნდებოდა როგორც ზარალი.

2019 წელს "საქართველოს ფოსტის" მოგება 1.8 მლნ ლარი იყო, ხოლო 2020 წლის მონაცემებით, საოპერაციო მოგება 7 მლნ ლარი გახლავთ. დაზუსტებული ფინანსური მოგება აუდირების შემდეგ გახდება ცნობილი“, - განაცხადა ლევან ჩიკვაიძემ.

მისი თქმით, "საქართველოს ფოსტის" მოხმარება 2020 წელს 40%-ით გაიზარდა და "საქართველოს ფოსტამ" სახმელეთო გზებით, საჰაერო მიმართულებით შეზღუდვების პირობებში არსებული გარემოების დაძლევა შეძლო. 

ცნობისთვის: "საქართველოს ფოსტა" სახელმწიფო კომპანიას წარმოადგენს. 1995 წელს დაფუძნებული კომპანია დღეს საქართველოში საფოსტო და საამანათო გზავნილების მიწოდებას ახორციელებს. 2017 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, საქართველოს ფოსტა ზარალიანი საწარმოა.

2017 წელს კომპანიის ბრუნვა 22%-ით გაიზარდა და მან 86.7 მილიონ ლარს მიაღწია, თუმცა კომპანიას მარაგების შესყიდვა - 30 მლნ ლარი, პერსონალის ხარჯი - 23.5 მლნ ლარი, ცვეთა - 3.3 მლნ ლარი, ხოლო სხვა ხარჯები კი, 30 მლნ ლარი დაუჯდათ. საოპერაციო საქმიანობაში ფოსტამ 1.5 მილიონი ლარის ზარალი მიიღო. კომპანიას აგრეთვე სხვა შემოსავალიც ჰქონდა, რაც კომპანიის ანგარიშებზე საპროცენტო სარგებლის დარიცხვას უკავშირდებოდა. საერთო ჯამში, ფოსტის მთლიანი ზარალი 2017 წელს 330,000 ლარი იყო.

საქართველოს ფოსტამ საქმიანობა 2016 წელსაც ზარალით დაასრულა. მაშინ კომპანიის ფინანსური ზარალი 2.2 მილიონი ლარი იყო. რაც შეეხება კომპანიის აქტივებს, ის 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 72 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით 2 მილიონი ლარით მეტი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები