მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელს საქართველოს მოქალაქეთა უცხოეთში ემიგრაცია განახევრდა და 43,000 შეადგინა

608a91779b289
შოთა ტყეშელაშვილი
30.04.21 00:21
2529
2020 წლის განმავლობაში საქართველოდან უცხოეთში 183 დღეზე მეტი ვადით 43,349 ადამიანი გაემგზავრა, რაც 2019 წელთან შედარებით 47%-ით ნაკლებია. საქართველოს მოქალაქეთა ემიგრაციის შემცირება COVID-19-ის კრიზისმა და ჩაკეტილმა საზღვრებმა განაპირობა.

საქართველოს მოქალაქეთა უცხოეთში ემიგრაციის შემცირებასთან ერთად, გაიზარდა საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხოეთის მოქალაქეების უცხოეთში ემიგრაცია. 2020 წელს საქართველოდან 30,915 მუდმივად მცხოვრები უცხოეთის მოქალაქე გაემგზავრა 183 დღეზე მეტი ვადით. საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხოელთა ემიგრაცია 2020 წელს 34%-ით გაიზარდა.

სულ 2020 წელს საქართველოდან 183 დღეზე მეტი ვადით ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები 74,264 ადამიანი გაემგზავრა (მათ შორის 43,349 საქართველოს მოქალაქე, 30,915 უცხოეთის მოქალაქე). ემიგრანტთა ეს რაოდენობა 2019 წელთან შედარებით 29.3%-ით ნაკლებია.

რაც შეეხება იმიგრანტთა რაოდენობას, საქართველოში 2020 წელს 183 დღეზე მეტი ვადით უცხოეთიდან საქართველოს 66,668 მოქალაქე დაბრუნდა, რაც 2019 წელთან შედარებით 22%-ით მეტია. საქართველოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების ეს რაოდენობა 2012 წლის შემდეგ რეკორდულია.

66,668 საქართველოს მოქალაქესთან ერთად, 2020 წელს უცხოეთიდან საქართველოში 183 დღეზე მეტი ვადით ჩამოვიდა უცხოეთის 23,328 მოქალაქეც.

მთლიანობაში 2020 წელს იმიგრანტების (საქართველოს მოქალაქეების და უცხოეთის მოქალაქეების) რაოდენობამ 89,996 შეადგინა. იმიგრანტთა ეს რაოდენობა 2019 წელთან შედარებით 7.1%-ით ნაკლებია. შემცირება უცხოეთიდან საქართველოში ემიგრირებული უცხოეთის მოქალაქეების რაოდენობის კლებით არის გამოწვეული. თუკი 2019 წელს უცხოეთიდან საქართველოში 183 დღეზე მეტი ვადით უცხოეთის 42,386 მოქალაქე იმიგრირდა, 2020 წელს უცხოეთიდან საქართველოში 23,328 უცხოეთის მოქალაქე იმიგრირდა. ეს 2019 წელთან შედარებით 45%-ით ნაკლებია. თუმცა, საქართველოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 2020 წელს 22%-ით გაიზარდა და 66,668 შეადგინა.

როგორ შეიცვალა 2020 წელს მიგრაციული სალდო?

2012-დან 2019 წლის ჩათვლით საქართველოში მიგრაციული სალდო უარყოფითი იყო - ეს ნიშნავს, რომ საშუალოდ წლის განმავლობაში ქვეყნიდან უცხოეთში 183 დღეზე მეტი ვადით უფრო მეტი საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხოეთის მოქალაქე მიდიოდა, ვიდრე იმიგრირდებოდა.

თუმცა, 2020 წელს COVID-19-ის კრიზისის და საზღვრების ჩაკეტვის გათვალისწინებით საქართველოდან ემიგრაცია მკვეთრად (29.2%-ით) შემცირდა. შემცირდა იმიგრაციაც (7.1%-ით), თუმცა ემიგრანტთა რაოდენობის უფრო მკვეთრი კლების გამო, მიგრაციული სალდო დადებითი გახდა - რაც ნიშნავს, რომ ქვეყანა 183 დღეზე მეტი ვადით უფრო ნაკლებმა ადამიანმა დატოვა, ვიდრე ჩამოვიდა.

სხვაობამ იმიგრაციასა და ემიგრაციას შორის 15,732 შეადგინა.

ვინ ითვლება ემიგრანტად?

“ემიგრანტი არის პირი, რომელმაც დატოვა საქართველო და ბოლო 12 თვის განმავლობაში სულ მცირე 183 დღით (შესაძლებელია ეს იყოს რამდენიმე გასვლის კუმულაციური ჯამი) იმყოფებოდა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ხოლო საქართველო იყო მისთვის მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა (ე.ი. მას ქვეყნიდან გასვლამდე წინა 12 თვეში საქართველოში გატარებული ჰქონდა სულ მცირე 183 დღე),”- ნათქვამია საქსტატის მეთოდოლოგიაში.

ვინ ითვლება იმიგრანტად?

“პირი, რომელმაც გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და ბოლო 12 თვის განმავლობაში სულ მცირე 183 დღით (შესაძლებელია ეს იყოს რამდენიმე შემოსვლის კუმულაციური ჯამი) იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველო არ იყო მისთვის მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა (ე.ი. მას საქართველოს საზღვრებს გარეთ წინა 12 თვეში გატარებული ჰქონდა სულ მცირე 183 დღე),”- ნათქვამია საქსტატის მეთოდოლოგიაში.

რა არის მიგრაციული სალდო?

“სხვაობა იმიგრანტებისა და ემიგრანტების რიცხოვნობას შორის წლის განმავლობაში,”- ნათქვამია საქსტატის მეთოდოლოგიაში.