მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელს ვალის მომსახურებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში 1 მლრდ 766 მლნ-ია გათვალისწინებული

5de57c9eb7826
დავით ჯალაღონია
03.12.19 10:45
1555
ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო, საქართველოს საგარეო ვალის მომსახურებისთვის, ბიუჯეტის პროექტის წინა წარდგენასთან შედარებით, 2020 წელს 30 მილიონი ლარით მეტი – 1 350.0 მლნ დაიხარჯება.

როგორც ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ეს 30 მილიონიანი მატება "გამოწვეულია იმ ვალუტების ურთიერთგაცვლითი კურსების ცვლილებით, რომლებშიც დენომინირებულია ჩვენი საგარეო ვალი".

კორექტირება საშინაო ვალის მომსახურება–დაფარვისთვის გათვალისწინებულ თანხასაც დასჭირდა. ეს მაჩვენებელი, ბიუჯეტის წინა ვერსიასთან შედარებით 26 მლნ ლარით არის გაზრდილი, რაც ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, ძირითადად გამოწვეულია ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 200 საბაზისო პუნქტით ზრდით. საერთო ჯამში, საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისთვის 2020 წელს ბიუჯეტით 416 მლნ ლარია გათვალისწინებული.

აღსანიშნავია, რომ საშინაო ვალის გეგმა მიმდინარე წლის ბიუჯეტში შეტანილი ცვლილების მიხედვით, ნახევარი მილიარდი ლარით გაიზარდა და 900 მლნ-ს შეადგენს, 2020 წელს მთავრობა მილიარდ 200 მილიონი ლარის მოცულობის შიდა ვალის აღებას გეგმავს. შიდა ვალის პროგნოზი ბიუჯტის მეორე წარდგენას 300 მილიონით აჭარბებს.

საგარეო ვალი სახით კი, მთავრობა 2020 წელს მილიარდ 867 მილიონ ლარს აიღებს - 13 მილიონით მეტს, ვიდრე ბიუჯეტის წინა ვერსიის მიხედვით აპირებდა, მათ შორის ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები 685 მლნ–ს, საინვესტიციო კრედიტები კი, რაც ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იხარჯება, მილიარდ 182 მილიონს შეადგენს.

შედეგად, წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფო ვალის მოცულობა 2020 წლის ბოლოსათვის, 23 434.9 მლნ–ს შეადგენს, მათ შორის, სახელმწიფო საგარეო ვალი – 17 968.1 მლნ ლარის, ხოლო სახელმწიფო საშინაო ვალი − 5 466.9 მლნ ლარის ოდენობით არის განსაზღვრული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები