2026 წელს ლარის გაცვლითი კურსის გამყარების გამო, სახელმწიფოს საგარეო ვალების მომსახურება გაუიაფდა - ამის შესახებ აღნიშნულია 2026 წლის ბიუჯეტის კორექტირების შესახებ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში, სადაც მითითებულია რომ პირვანდელ პროექტთან შედარებით 237 მილიონი ლარით მცირდება საგარეო კრედიტების მომსახურების საფასური.
უფრო დეტალურად, ვალის ძირის მომსახურება წელს ბიუჯეტს 159.3 მილიონი ლარით მცირდება, რაც გეგმასთან შედარებით 5.5%-ით ნაკლებია, ხოლო ვალის პროცენტის მომსახურება 77.7 მილიონი ლარით მცირდება, რაც 10,1%-ით ნაკლებია გეგმასთან შედარებით.
შესაბამისად, მთლიანობაში სახელმწიფო წელს ვალის ძირის დაფარვაში 2.73 მილიარდ ლარს გადაიხდის, ხოლო ვალის პროცენტის დაფარვაში 692 მილიონ ლარს.
საქართველოს სახელმწიფო ვალის 2/3 ევროში არის ნომინირებული, შესაბამისად, ვალის ნაშთის და დასაფარი თანხების მოცულობაზე ყველაზე დიდ გავლენას სწორედ ევრო/ლარის კურსი ახდენს.
თუკი 2026 წლის 1 იანვარს ერთი ევრო 3.1646 ლარი ღირდა, დღეს 2.8547 ლარი ღირს, რაც იმას ნიშნავს რომ წელს ლარი ევროსთან 10%-ით გამყარდა. დოლარი კი 1 იანვარს 2.6963 ლარი ღირდა, დღეს კი 2.5931 ლარი ღირს, რაც 3.9%-იან გამყარებას წარმოადგენს.
























