მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა სამინისტრო 2026 წლის ბიუჯეტის კორექტირებას გეგმავს

ლაშა ხუციშვილი მაკა ბოჭორიშვილი რევაზ სოხაძე

ფინანსთა სამინისტრო 2026 წლის ბიუჯეტის კორექტირებას გეგმავს - ამის შესახებ მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი მიმდინარე საპარლამენტო სესიაზე შესატანი კანონპროექტების ჩამონათვალიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტში მითითებულია, რომ საბიუჯეტო ცვლილებები ძირითადად მაკროეკონომიკური პარამეტრების გადახედვით იქნება განპირობებული.

"მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების გადახედვიდან გამომდინარე შესაძლებელია საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება," - აღნიშნულია განმარტებაში, თუმცა უცნობია, თუ როდის გეგმავს სამინისტრო კორექტირების პროექტის წარდგენას. შესაძლოა, ეს წინა წლების მსგავსად ნოემბერში ან დეკემბერში მოხდეს.

ცვლილება სავარაუდოდ დაკავშირებულია იმასთან, რომ 2026 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია 5%-ის ეკონომიკურ ზრდაზე, ხოლო უკვე 2026 წლის 7 თვის შედეგებით, ქვეყანაში ეკონომიკურმა ზრდამ 7.9% შეადგინა. ივნისში ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზს მთავრობა 5%-დან 6.3%-მდე ზრდიდა. საკუთარ პროგნოზს გადახედა ეროვნულმა ბანკმაც, რომელმაც ის 5%-დან 6.5%-მდე დააკორექტირა. ივნისშივე პროგნოზი 5.3%-დან 6.5%-მდე გაზარდა სავალუტო ფონდმაც.

როგორც ფინანსთა სამინისტრო მიუთითებს, მოხდება ბიუჯეტის მაკროეკონომიკური პარამეტრების ცვლილება, რაც ნიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 5%-ის ნაცვლად სავარაუდოდ 6.3-6.5%-ის ფარგლებში შეიცვლება. ეს კი, თავის მხრივ, გამოიწვევს საბიუჯეტო შემოსავლების პროგნოზის ცვლილებას.

2026 წლის ბიუჯეტით ცენტრალური მთავრობის შემოსავლები 30.8 მილიარდ ლარზე არის დაგეგმილი, საიდანაც გადასახადებზე 23.2 მილიარდი ლარი მოდის. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი მილიარდი ლარის საგადასახადო ნაზრდს ჩადებს სამინისტრო ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტში.

2026 წლის 7 თვის მდგომარეობით, საგადასახადო შესრულება 13.5 მილიარდ ლარს შეადგენდა, რაც წლიური გეგმის 58.1%-ია. შესაბამისად, საგადასახადო შემოსავლები მცირედით ასწრებს გეგმას, ხოლო წლის ბოლომდე მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნების შემთხვევაში საგადასახადო შემოსავლებმა შესაძლოა 23.4-23.5 მილიარდ ლარს მიაღწიოს.

გარდა საგადასახადო კომპონენტისა, შესაძლოა შეიცვალოს სხვა შემოსავლებიც, მაგალითად საჯარიმო შემოსავლების პროგნოზი, რაც წლიური გეგმის 75%-ით შვიდ თვეში უკვე შესრულებული იყო და 150 მილიონ ლარს შეადგენდა (წლიური გეგმა 200 მლნ ლარი). საჯარიმო შემოსავლების პროგნოზი შესაძლოა 260-280 მილიონ ლარამდე გაიზარდოს.

ასევე გეგმას ასწრებს საბიუჯეტო დივიდენდების კომპონენტიც. საქმე ისაა, რომ საქართველოს მთავრობას კომერციულ ბანკებში 2.8 მილიარდი ლარი აქვს სარგებლიან სადეპოზიტო ანგარიშებზე განთავსებული. ამ დეპოზიტიდან წელს მთავრობა 450 მილიონი ლარის დივიდენდის მიღებას პროგნოზირებდა, თუმცა უკვე 2026 წლის 7 თვეში ფაქტობრივმა დივიდენდმა 571 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 127%-ია. წლის ბოლომდე სარგებლის დარიცხვის არსებული ტემპით გაგრძელების შემთხვევაში, მთავრობის შემოსავალმა საბიუჯეტო დეპოზიტებიდან 912 მილიონ ლარს შეიძლება მიაღწიოს, რაც გეგმასთან - 450 მილიონ ლართან შედარებით ორჯერ მეტი იქნება. სავარაუდოდ ბიუჯეტის კორექტირებისას ამ საპროგნოზო მაჩვენებლის ზრდაც მოხდება.

საერთო ჯამში ბიუჯეტის კორექტირების შემთხვევაში სახელმწიფოს შემოსავლების მოცულობა 830 მილიონი ლარის ფარგლებში შეიძლება გაიზარდოს, რაც სახელმწიფო შემოსავლების გეგმას არსებული 30.8 მილიარდი ლარიდან 31.6 მილიარდ ლარამდე გაზრდის.

უცნობია, რა ცვლილებები შეიძლება გაატაროს მთავრობამ ხარჯების მიმართულებით და რომელი უწყებების დაფინანსებაზე მიმართოს გაზრდილი საბიუჯეტო შემოსავლები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები