მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელს წარსადგენი ტრანსპორტის გენგეგმა დედაქალაქს ჯერ კიდევ არ აქვს - დეტალები

634950d381702
ანუკა ჯოხაძე
14.10.22 22:35
589
დედაქალაქში ტრანსპორტის მოძრაობის მოწესრიგება თბილისის მერის კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. ტრანსპორტის გენერალური გეგმის პრეზენტაცია ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა შემდგარიყო, მაგრამ არ გამოვიდა, ერთ-ერთ მიზეზად კი პანდემია დასახელდა. 

როგორც თბილისის მერი მაშინ ამბობდა, დოკუმენტი საზოგადოებას 2020 წლის ბოლოს წარედგინებოდა. თუმცა პანდემიურმა 2020-მა წელმა ისე ჩაიარა, რომ დაქირავებული დანიური კომპანიის მიერ შექმნილი დოკუმენტი არავის უნახავს.

მოგვიანებით გაირკვა, რომ კომპანია „რამბოლმა“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები დაარღვია. აქვე აღსანიშნავია, რომ ტრანსპორტის გენერალურ გეგმას დანიური კომპანია „რამბოლი“ აზიის განვითარების ბანკის ფინანსური სახსრებით აკეთებს. პროექტი კი თითქმის 2 მილიონი ევრო ჯდება.

საკითხი აქტუალური განსაკუთრებით დედაქალაქში შექმნილი რთული ვითარების ფონზე გახდა. კალაძე ე.წ. საცობების გამო მძღოლების და არამხოლოდ მათი მხრიდან, სერიოზულ კრიტიკას იწვევს.

bm.ge დაინტერესდა, თუ რა ეტაპზეა გენგეგმის მომზადების საკითხი და როდიდან ექნება დედაქალაქს ოფიციალურად გაწერილი სატრანსპორტო პოლიტიკა:

“გამიჭირდება პასუხის გაცემა, ვაძლევთ შესაძლებლობას ამ კომპანიას და არ ვწყვეტთ ხელშეკრულებას. დღესვე შეგვიძლია ხელშეკრულება გავწყვიტოთ, თუმცა არ ვაკეთებთ ამას. უმსხვილესი კომპანიაა „რამბოლი“ და დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგ კვლევას დადებენ, ალბათ ძალიან მალე”, - აცხადებს კახა კალაძე.

ტრანსპორტის გენერალური გეგმის მნიშვნელობაზე, ასევე სხვაობებზე ამ დოკუმენტს და უკვე არსებულ კვლევებს შორის, BM.GE-თან განმარტებები თბილისის გენერალური გეგმის ავტორმა მერაბ ბოლქვაძემაც გააკეთა.

“ტრანსპორტის გენერალური გეგმის შედგენა დიდად შველის ქალაქს, რადგან იქ არამარტო ცალკეული სატრანსპორტო სქემები მუშავდება, არამედ მუშავდება მეტროს საკითხები, მუშავდება სხვა ყველა სახის ტრანსპორტი როგორ უნდა განვითარდეს ქალაქში. ეს კი ერთად, კომპლექსურად იძლევა შეღავათს”, - აცხადებს არქიტექტორი მერაბ ბოლქვაძე.

საკრებულოს წევრი ოთარ გრიგოლია კი ამბობს, რომ დღეს ქალაქში სატრანსპორტო ქსელის მოწყობა ფრანგული “სისტრას” კვლევაზე დაყრდნობით მიმდინარეობს. თუმცა მისივე თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტს „სისტრას“ კვლევის გარდა კიდევ ერთი სახელმძღვანელო დოკუმენტი აქვს.

“ჩვენ გვაქვს „სისტრას“ სატრანსპორტო სქემის გეგმა, გვაქვს ასევე მერის მიერ დარგის სპეციალისტებთან ერთად შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც წინასაარჩევნოდ იყო გამოყენებული. სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე მიმდინარეობს დღეს სატრანსპორტო რეფორმა”, - აცხადებს იგი.

გრიგოლია ვერ აკონკრეტებს ტრანსპორტის გენერალური გეგმის მომზადების საბოლოო ვადებს, თუმცა ამბობს რომ უკვე მზა დოკუმენტები “რამბოლის” გეგმას არსებითად არ ეწინააღმდეგება.

ექსპერტები და საკრებულოს ოპოზიცია მნიშვნელოვნად მიიჩნევენ 10 სატრანზიტო დერეფნის მოწყობას, რაც ამ ეტაპზე არ ხორციელდება. შეგახსენებთ, რომ 10 სატრანსპორტო დერეფანში 18 მეტრიან ავტობუსებს უნდა ემოძრავათ, მაგრამ ჯერ არც 18 მეტრიანი ავტობუსები ჰყავს ქალაქს, რადგან მისი შემოყვანაც რამდენჯერმე გადავადდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები