მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მზად ვართ თანამშრომლობისთვის, მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის... არაერთხელ გამოცდილა საქართველო ამ ყველაფერში - კალაძე

თბილისის მერია

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ევროპასთან თანამშრომლობისთვის, მეგობრობისა და პარტნიორობისთვის მზაობას გამოთქვამს და აცხადებს, რომ საქართველო ამ ყველაფერში არაერთხელ გამოცდილა. ეს განცხადება მან საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გამართულ ღონისძიებაზე "ევროპის დღე 2024" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კახა კალაძემ ევროპელ დიპლომატებს სთხოვა ქართველი ხალხის მიმართ დამოკიდებულება შეცვალონ, რადგან მისი თქმით, გასულ წელს ამ პერიოდში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არ მინიჭებამ, ქართველები გააღიზიარა.

„მინდა, დღევანდელი დღე მოგილოცოთ. „მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი“! - ეს არ არის უბრალოდ სიტყვები. თითოეული ქართველისთვის, ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი სამშობლო, ამ სიტყვების შინაარსი არის მნიშვნელოვანი. თავისი თვითშეგნებით, თავისი ღირებულებებით, საქართველო ყოველთვის იყო და არის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. ჩვენ ევროინტეგრაციის გზაზე გვხვდება ძალიან ბევრი წინაღობა, თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ღირსეულად ვაგრძელებთ სვლას ევროპისკენ და დარწმუნებული ვარ, საქართველოს ხელისუფლება, ჩვენ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება ძალიან მალე გავხდეთ იმ ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია.

ბატონმა ელჩმა ბრძანა, რომ ჩვენ თქვენ გვერდით ვართ ამ გზაზეო, რისთვისაც მინდა, მას მადლობა გადავუხადო. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ იყოს მხარდაჭერა. მე მახსოვს, ერთი წლის წინ ზუსტად აქ ვიყავით შეკრებილი და მაშინ იყო ისეთი მდგომარეობა, რომ ქვეყანას არ მისცეს კანდიდატის სტატუსი და ამას არ ჰქონდა ახსნა. იმიტომ, რომ ყველა იმ ქვეყანაზე გაცილებით წინ ვიყავით, ვისაც მაშინ მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი და საქართველო დაიჩაგრა. ეს დამოკიდებულება და ამგვარი ქმედებები, რა თქმა უნდა, იწვევს გაღიზიანებას ქართველ ხალხში და ჩემი თხოვნა იქნება, რომ ეს დამოკიდებულება შეიცვალოს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, მმართველი ხელისუფლება იქნება ის გუნდი, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს გაუძღვება.

„ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, მზად ვართ მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის და არაერთხელ გამოცდილა საქართველო ამ ყველაფერში. ვართ ღირსეული პარტნიორები, ჩვენ ვართ ის გუნდი, ვინც პირდაპირ საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერა ქვეყნის ევროპული მომავალი. ჩვენ ვართ ის პოლიტიკური გუნდი, ვინც კონკრეტული ნაბიჯები გადადგა ევროინტეგრაციის გზაზე და თუკი რაიმე წარმატებას მიაღწია დღეს ჩვენმა ქვეყანამ, ყველაფერი უკავშირდება 2012 წლის შემდგომ პერიოდს და ჩვენს გუნდს. აქვე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, რომ ზუსტად ევროინტეგრაციის პროცესს გაუძღვება გუნდი, რომელსაც „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ჰქვია.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. ვულოცავ მეგობარ ქვეყნებს და მინდა, ყველას წარმატებები ვუსურვო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები