მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021-22 წლებში გარემოს დაცვითი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ₾600 000-ის ჯარიმა გამოიწერა - სამინისტრო

649edf1c72ada
ანუკა ჯოხაძე
03.07.23 00:10
559
“ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონის“ მოთხოვნებს ამ დროისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 50 საწარმოდან მხოლოდ ნახევარი აკმაყოფილებს. ეს ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ნინო თანდილაშვილის ანგარიშში გვხვდება, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში ქ. რუსთავში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოსაგვარებლად გაწეული სამუშაოებს ეხებოდა.

როგორც ცნობილია, 2021 წლიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების დონის შემცირების მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებები ამოქმედდა. ცვლილებების მიხედვით, სამრეწველო საწარმოებს თვითმონიტორინგის სისტემების დამონტაჟება და ინფორმაციის ონლაინ რეჟიმში სამინისტროსთვის მიწოდება დაევალათ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს არსებული 50 საწარმოდან თვითმონიტორინგის სისტემები, მხოლოდ ნახევარს აქვს დამონტაჟებული. შესაბამის მონაცემებს კი სამინისტროს 20 საწარმო აწვდის.

მათი ინფორმაციით, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გასულ 2 წელიწადში ქვეყნის მასშტაბით 60 საწარმო დაჯარიმდა.

“დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტად განსაზღვრის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გასულ 2 წელიწადში მთლიანი ქვეყნის მასშტაბით 60 საწარმოს მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 75 ოქმი (ასკ 761 მუხლით), მათ შორის, 6 საწარმოს მიმართ შედგა განმეორებითი ოქმი. აღნიშნული ოქმების თითქმის 2/3-ში სასჯელის ზომად განისაზღვრა ჯარიმა ფულადი სახით (დანარჩენი შენიშვნა ან შეწყდა), რომლის ჯამური ოდენობა აღწევს 600 ათას ლარს.

რაც შეეხება ქ. რუსთავში არსებულ საწარმოებს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 22 ოქმი იქნა შედგენილი თვითმონიტორინგის ვალდებულების შეუსრულებლობაზე 18 საწარმოს მიმართ”, - ვკითხულობთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ანგრიშში.

ამასთან, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წელს მიღებული გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, თუ შესაბამისი რეგულირების ობიექტი საქმიანობას საქართველოს გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სავალდებულო დოკუმენტის გარეშე ახორციელებდა, ან მისი საქმიანობა გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობას მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიდა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი უფლებამოსილი იყო რეგულირების ობიექტის საქმიანობა დროებით შეეზღუდა.

ამ კუთხით, დოკუმენტში წერია, რომ 117 რეგულირების ობიექტს წარედგინა ადმინისტრაციული მიწერილობები საქმიანობის შეჩერებასა და შეზღუდვაზე. მათ შორისაა რუსთავში მდებარე ხუთი საწარმო. სოკოს საწარმო შპს თეთრი ქუდი, მეორადი ზეთის გადამმუშავებელი საწარმო შპს ეკო ოილი, მეტალურგიული წარმოება შპს ეი-ემ-ბი ალოის და შპს ახალი ტექნოლოგიები. საქმიანობა შეუჩერდა ცემენტის საწარმო შპს "მეგა ცემენტსაც”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები