თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა 2021 წლისთვის ბიუჯეტში 820.1 მლნ ლარის შემოსავლის მობილიზებას პროგნოზირებს, რაც წლევანდელთან შედარებით, დაახლოებით, 13 მილიონით ნაკლებია. ამის შესახებ დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტიდან ირკვევა, რომლის განხილვები საკრებულოში უკვე დაიწყო.
პროექტის თანახმად, მომავალი წლისთვის თვითმმართველობის დაფინანსების ძირითადი წყარო საგადასახადო შემოსავლები იქნება, რაც 657.3 მილიონი ლარით არის განსაზღვრული - ეს 2020 წელთან შედარებით 66 მილიონი ლარით მეტია. რაც შეეხება გადასახადების სახეობების მიხედვით შემოსავლების განაწილებას, 462.3 მილიონი ლარი დღგ-დან მიღებული შემოსავალი იქნება (2020 – 411.4 მლნ) 195 მილიონი ლარი კი, ქონების გადასახადზე მოდის (2020 – 180 მლნ) მათ შორის, 160 მლნ - საწარმოთა ქონების გადასახადის წილია, 19 მლნ - ფიზიკურ პირთა ქონებაზე გადასახადია, ხოლო მიწაზე ქონების გადასახადიდან კი მერია 16 მილიონის შემოსავალს ელის.
ასევე, დედაქალაქის მთავრობას მომავალი წლის ბიუჯეტში გრანტის სახით 5.9 მლნ შემოსავლის მობილიზება აქვს დაგეგმილი, მაშინ როდესაც წლევანდელი გეგმა 58.9 მილიონია, ხოლო სხვა შემოსვალების საპროგნოზო მაჩვენებელი 156.8 მლნ ლარია (2020 – 180 მლნ).
ცნობისთვის: დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი დოკუმენტის მიხედვით, მომავალ წელს მერია, ჯამში, 840 მილიონ ლარს დახარჯავს, რაც 2020 წლის მოქმედ ბიუჯეტთან შედარებით 261 მილიონი ლარით ნაკლებია.