მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წლის 8 თვეში თბილისში ბინების გაყიდვები 66%-ით გაიზარდა

615eaaa24d315
შოთა ტყეშელაშვილი
07.10.21 21:43
1076
TBC Capital-მა თბილისის უძრავი ქონების ბაზრის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2021 წლის პირველ 8 თვეში თბილისში სულ 23,800 საცხოვრებელი უძრავი ქონება გაიყიდა. ანგარიშის თანახმად, უძრავი ქონების ბაზარი 2020 წელთან შედარებით მნიშვნელოვან ზრდას აჩვენებს - გასული წლის ანალოგიურ პერიოდში თბილისში სულ 14,300 ბინა გაიყიდა, შესაბამისად, წელს ბაზარი წინა წელთან შედარებით 66%-ითაა გაზრდილი.

ზრდა არის, თუმცა შედარებით დაბალი 2019 წელთან მიმართებითაც. კერძოდ, ახალი ბინების გაყიდვები 2019 წელთან შედარებით გაყიდული ბინების რაოდენობა 1.9%-ით, ძველი ბინების გაყიდვების რაოდენობა კი 1.2%-ით არის გაზრდილი.

როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, 2021 წლის მდგომარეობით, რეალიზებული ბინების 64% ახალ საცხოვრებელ სახლებზე მოდის.

ანგარიშის მიხედვით, თბილისში ივლისსა და აგვისტოში რეალიზებულ ახალ ბინებში ერთი კვადრატული მეტრის ფასი საშუალოდ - 766 დოლარი, ძველ ბინებში კი 688 დოლარი იყო.

2021 წლის 8 თვის მდგომარეობით, რეალიზებული ახალი ბინების ფართობების მიხედვით ასე ნაწილდება:

• 50 კვადრატულ მეტრამდე - გაყიდვების 32%;
• 50-70 კვადრატული მეტრი - გაყიდვების 37%;
• 70-100 კვადრატული მეტრი - გაყიდვების 20%;
• 100-150 კვადრატული მეტრი - გაყიდვების 8%;
• 150 კვადრატულზე მეტრი - გაყიდვების 3%.

შესაბამისად, ყველაზე მაღალი მოთხოვნა კვლავ საშუალო ზომის ბინებზე ნარჩუნდება. რაც შეეხება მათ განაწილებას უბნების მიხედვით, ყველაზე მეტი 4,100-ზე მეტი ბინა საბურთალოზე გაიყიდა. წელს 3,800-მდე ბინა გაიყიდა დიდ დიღომში, რითიც მას საბურთალოს შემდეგ მეორე ადგილი უჭირავს. 3,100-მდე ბინა გაიყიდა გლდანში, დაახლოებით ამდენივე სამგორსა და ისანში. ნაძალადევსა და დიდუბეში კი გაყიდული ბინები 2,000-2,200-ის ფარგლებშია. ვაკეში 1,000-მდე ბინა გაიყიდა, მთაწმინდასა და კრწანისში კი გაყიდული ბინების რაოდენობა 500-ზე ნაკლებია.

რაც შეეხება კვადრატული მეტრის ფასს, ის ყველაზე მაღალი ვაკეშია, სადაც ახალაშენებულ შენობაში ერთი კვადრატულის ფასი 1,200 დოლარამდეა. მთაწმინდაზე ეს მაჩვენებელი, დაახლოებით, 1,050 დოლარია, საბურთალოზე კი - 950 დოლარი.

ყველაზე ხელმისაწვდომი უძრავი ქონება სამგორსა და დიდ დიღომშია, სადაც ახალაშენებულ კორპუსებში ერთი კვადრატულის ფასი, დაახლოებით, 600-650 დოლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები